Article 111. ავტორიზაცია
1. საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული ავტორიზაცია აუცილებელია შიდა გადამუშავების, გარე გადამუშავების, დროებით შემოტანის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურების გამოყენებისთვის.
2. საბაჟო ორგანომ დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე შეიძლება გასცეს ავტორიზაცია უკუქცევითი ძალით, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა: ა) დადასტურებულია შესაბამისი საბაჟო პროცედურის ეკონომიკური საჭიროება; ბ) განცხადება არ უკავშირდება საბაჟო ორგანოს მოტყუების მცდელობას; გ) დაინტერესებული პირის საბუღალტრო ჩანაწერებით დასტურდება: გ.ა) შესაბამის საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულება; გ.ბ) შესაბამის პერიოდში საქონლის იდენტიფიკაციის შესაძლებლობა, როდესაც ეს შესაძლებელია; გ.გ) ამ ჩანაწერებით შესაბამისი პროცედურის კონტროლის შესაძლებლობა; დ) შესაძლებელია საქონელთან დაკავშირებით განხორციელდეს ყველა საჭირო ფორმალობა, მათ შორის, საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობა, თუ ეს აუცილებელია; ე) განცხადების მიღებამდე 3 წლის განმავლობაში განმცხადებელზე არ არის გაცემული ავტორიზაცია უკუქცევითი ძალით; ვ) არ მოითხოვება ეკონომიკური პირობების შესწავლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განმცხადებელი ითხოვს იმავე სახის ოპერაციასა და საქონელზე მანამდე გაცემული ავტორიზაციის ვადის გაგრძელებას; ზ) იმავე სახის ოპერაციასა და საქონელზე მანამდე გაცემული ავტორიზაციის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებული განცხადება წარდგენილია პირველადი ავტორიზაციის გაცემიდან 3 წლის ვადაში.
