Article 73. საქონლის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს: ა) პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა; ბ) პირმა, რომელიცსაქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი პირის სახელით ან დავალებით მოქმედებს; გ) პირმა, რომელმაც საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემდეგ აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა.
2. საქონელი, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საზღვაო ან საჰაერო გზით შემოიტანება და რომელიც არ გადმოიტვირთება და რჩება იმავე სატრანსპორტო საშუალების ბორტზე, საბაჟო ორგანოს უნდა წარედგინოს მხოლოდ იმ პორტში ან აეროპორტში, სადაც მისი გადმოტვირთვა ან გადატვირთვა ხორციელდება. ამასთანავე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი, რომლის ჩამოტვირთვა და იმავე სატრანსპორტო საშუალებაში დატვირთვა ხდება სხვა საქონლის გადმოტვირთვის ან დატვირთვის უზრუნველსაყოფად, არ უნდა წარედგინოს საბაჟო ორგანოს აღნიშნულ პორტში ან აეროპორტში.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირის ვალდებულების მიუხედავად, მის ნაცვლად საბაჟო ორგანოს საქონელი შეიძლება წარუდგინოს: ა) ნებისმიერმა პირმა, რომელიც საბაჟო ორგანოსთვის წარდგენისას საქონელს საბაჟო პროცედურაში აქცევს ან საქონლის მიმართ რეექსპორტს იყენებს; ბ) საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მქონე პირმა ან თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმომ.
