ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Article 105. მიმწოდებლის ვალდებულებები
1. თითოეული მიმწოდებელი ვალდებულია შექმნას ინდივიდუალური მომსახურების პუნქტი, რომელიც უზრუნველყოფს საბოლოო მომხმარებლის ინფორმირებას მისი უფლებების, მოქმედი რეგულაციებისა და დავის გადაწყვეტის გზების შესახებ. ინდივიდუალური მომსახურების პუნქტი საბოლოო მომხმარებელს საშუალებას აძლევს: ა) მომსახურებაზე დაშვებასა და მისით სარგებლობასთან დაკავშირებით მიიღოს გამჭვირვალე ინფორმაცია ფასების, რეგულირებული ტარიფებისა და სტანდარტული პირობების შესახებ; ბ) ჰქონდეს გადახდის რამდენიმე, არადისკრიმინაციული მეთოდის არჩევანი. წინასწარი გადახდის სისტემა უნდა იყოს სამართლიანი და ადეკვატურად უნდა ასახავდეს სავარაუდო მოხმარებას. გადახდის სხვადასხვა საშუალებასთან დაკავშირებულ პირობებს შორის ნებისმიერი სხვაობა უნდა ასახავდეს მიმწოდებლის ხარჯებს შესაბამის საშუალებასთან მიმართებით; გ) მიიღოს ინფორმაცია მიმწოდებლის უფასოდ შეცვლის შესაძლებლობასთან დაკავშირებით; დ) მიიღოს ინფორმაცია პრეტენზიის განხილვის გამჭვირვალე, მარტივი და ეკონომიური პროცედურის შესახებ. თითოეული მიმწოდებელი უზრუნველყოფს საბოლოო მომხმარებლის უფლებას, მიიღოს სათანადო სტანდარტების შესაბამისი მომსახურება და ისარგებლოს დავების ჯეროვანი განხილვის პროცედურით, რაც გულისხმობს დავების სამართლიან და დროულ გადაწყვეტას 10 სამუშაო დღის ვადაში, შესაბამის შემთხვევაში ანაზღაურების ან/და კომპენსაციის მიცემით; ე) მოხმარების კონტროლის მიზნით მიიღოს სისტემატური და ზუსტი შეტყობინება მის მიერ ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ფაქტობრივი მოხმარებისა და შესაბამისი ხარჯის შესახებ. საბოლოო მომხმარებელს აღნიშნული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს კომისიის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პერიოდულობით, მომხმარებლის აღრიცხვის ხელსაწყოს ტექნიკური მონაცემებისა და აღნიშნული ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯეფექტიანობის გათვალისწინებით. აღნიშნული ინფორმაცია საბოლოო მომხმარებელს უნდა მიეწოდოს უფასოდ; ვ) მიიღოს საბოლოო ანგარიში (ქვითარი) მიმწოდებლის შეცვლის პროცედურის დასრულების შემდეგ არაუგვიანეს 6 კვირისა.
