ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Article 11. ენერგეტიკული და წყალმომარაგების საქმიანობის სავალდებულო ავტორიზაცია
1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, კომისია ლიცენზიებს გასცემს შემდეგ საქმიანობაზე: ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში: ა.ა) ელექტროენერგიის წარმოება, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ა.ბ) ელექტროენერგიის გადაცემა; ა.გ) ელექტროენერგიის განაწილება; ა.დ) ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირება; ბ) ბუნებრივი გაზის სექტორში: ბ.ა) ბუნებრივი გაზის გადაცემა; ბ.ბ) ბუნებრივი გაზის განაწილება; ბ.გ) ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერირება; ბ.დ) გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობების ოპერირება; ბ.ე) ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერირება; გ) წყალმომარაგება.
2. აკრძალულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება კომისიის მიერ გაცემული მოქმედი ლიცენზიის გარეშე, რომელიც საწარმოს უფლებას ანიჭებს, განახორციელოს შესაბამისი საქმიანობა.
3. ლიცენზირებას არ საჭიროებს: ა) პირის მიერ ელექტროენერგიის წარმოება მხოლოდ საკუთარი (საყოფაცხოვრებო ან/და არასაყოფაცხოვრებო) მოხმარებისთვის, როდესაც ელექტროენერგიის როგორც წარმოების, ისე მოხმარების ობიექტი მიერთებული არ არის ელექტროენერგიის გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელთან; ბ) ელექტროენერგიის წარმოება ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების დროს ამ კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად; გ) ელექტროენერგიის წარმოება მცირე და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებით; დ) დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, რომელსაც, ამ კანონის 82-ე მუხლის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით მიენიჭა დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის სტატუსი.
