ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Article 135. ელექტროქსელის საოპერაციო უსაფრთხოება
1. ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საოპერაციო წესებსა და ვალდებულებებს განსაზღვრავს გადამცემი სისტემის ოპერატორი ამ კანონის, ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების ნორმების, ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესების, ამ კანონის 97-ე მუხლით გათვალისწინებული ტექნიკური წესებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
2. ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საოპერაციო წესები და ვალდებულებები დგინდება სისტემით მოსარგებლეებსა და სხვა დაინტერესებულ პირებთან და შესაბამის შემთხვევაში მეზობელი ქვეყნების გადამცემი სისტემების ოპერატორებთან წინასწარი კონსულტაციების შედეგად. გადამცემი სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს კომისიასა და სამინისტროსთან კონსულტაციას თავის მიერ მიღებული საოპერაციო წესებისა და ვალდებულებების ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის თაობაზე.
3. გადამცემი და შესაბამის შემთხვევებში გამანაწილებელი სისტემების ოპერატორების მიერ ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საოპერაციო წესების შესრულებას, გადაცემის ან/და განაწილების ქსელებთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების ხარისხის მოთხოვნების დაცვას, აგრეთვე ელექტროქსელის საოპერაციო უსაფრთხოების სათანადო დონის შენარჩუნებას ზედამხედველობენ სამინისტრო და კომისია თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
