1.დამგირავებელი ან მოგირავნე შეიძლება იყოს საჯარო დაწესებულება, საქართველოს ეროვნული ბანკი, უცხოური ცენტრალური ბანკი, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, საფინანსო სექტორის წარმომადგენელი, ადგილობრივი ან უცხოური ფინანსური ინსტიტუტი, საინვესტიციო ფონდი, სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული, ცენტრალური კონტრაჰენტი, ანგარიშსწორების აგენტი, საკლირინგო დაწესებულება.
2.დამგირავებელი ან მოგირავნე შეიძლება იყოს აგრეთვე პირი (გარდა ფიზიკური პირისა), მათ შორის, ამხანაგობა, იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, თუ ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების მეორე მხარე არის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი.
3.ამ თავის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ, საქართველოს ეროვნული ბანკის სასარგებლოდ გირავნობით დატვირთულ მოთხოვნებზე დამგირავებლის სასესხო აქტივებისადმი.
4.ფინანსური გირავნობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ტიპის ვალდებულების, მათ შორის, არსებული, სამომავლო, შესაძლო ან პირობითი ვალდებულების, უზრუნველყოფისათვის, რომელიც აქვს ან შეიძლება ჰქონდეს დამგირავებელს ან მესამე პირს მოგირავნის მიმართ.
5.საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაგირავებული გირავნობის საგანი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის საგნად, გარდა ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შემავალი აქტივი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის საგნად, გარდა იმავე კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
6.დაუშვებელია ფინანსური გირავნობის საგნის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.
7.უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად დადებული ფინანსური გირავნობის ხელშეკრულება ნამდვილია და მისი აღსრულებადობა რეგულირდება მხარეთა მიერ არჩეული კანონმდებლობის შესაბამისად. ამ კანონის ან ნებისმიერი სხვა კანონის მოთხოვნა საეჭვოს ვერ გახდის აღნიშნული ხელშეკრულების ნამდვილობას ან/და აღსრულებადობას.
8.საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღება არ უნდა გახდეს ფინანსური გირავნობის ამოქმედების საფუძველი, თუ კომერციული ბანკი ჯეროვნად ასრულებს ვალდებულებებს, რომლებიც გათვალისწინებულია ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებით ან იმ ხელშეკრულებით, რომლის ნაწილიცაა ფინანსური გირავნობა.
9.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, რეზოლუციის მიზნებიდან გამომდინარე, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დააწესოს შეზღუდვები ვალდებულების შეწყვეტის უფლებაზე. საქართველოს 2022 წლის 29 ნოემბრის კანონი №2119 – ვებგვერდი, 16.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3937 – ვებგვერდი, 27.12.2023წ.






