1.ეს კანონი ვრცელდება უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებაზე, თუ იგი დადებულია წერილობითი ფორმით (მათ შორის, ელექტრონული ფორმით ან სხვა სანდო საშუალებით) და მოგირავნეს ან მისი სახელით მოქმედ პირს შეუძლია ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ფლობდეს ან/და აკონტროლებდეს ფინანსური გირავნობის საგანს.
2.მოგირავნე ან მისი სახელით მოქმედი პირი ფლობს ან/და აკონტროლებს ფინანსური გირავნობის საგანს: ა) თუ ფინანსური გირავნობის საგანია წარმომდგენზე ფინანსური ინსტრუმენტი − მისი ფიზიკურ მფლობელობაში გადაცემით; ბ) თუ ფინანსური გირავნობის საგანია ჩანაწერის სახით არსებული ფინანსური ინსტრუმენტი − მისი მოგირავნის ანგარიშზე ან მოგირავნის სახელით მოქმედ ლიცენზირებულ ფინანსურ ინსტიტუტში/ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორში მოგირავნის ან მესამე პირის სახელზე გახსნილ ანგარიშზე ჩარიცხვით ან მოგირავნის ან ასეთი ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტის/ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ შესაბამისი ფორმით ფინანსურ ინსტრუმენტზე გირავნობის არსებობის აღრიცხვით; გ) თუ ფინანსური გირავნობის საგანია ანგარიშზე რიცხული ფულადი სახსრები − მათი მოგირავნის ან მისი სახელით მოქმედ ბანკში/მიკრობანკში მოგირავნის ან მესამე პირის სახელზე გახსნილ ანგარიშზე ჩარიცხვით; დ) თუ ფინანსური გირავნობის საგანია საკრედიტო მოთხოვნა − მოგირავნისთვის წერილობითი ან სხვა, თანაბარმნიშვნელოვანი ფორმით მოთხოვნების სიის წარდგენით და მათი საჯარო რეესტრში რეგისტრაციით.
3.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოსცეს სამართლებრივი აქტი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკითხის მოსაწესრიგებლად.
4.ეს კანონი ვრცელდება საკუთრების გადაცემის ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებაზე, თუ იგი დადებულია წერილობითი ფორმით (მათ შორის, ელექტრონული ფორმით ან სხვა სანდო საშუალებით) და დამგირავებელი ფინანსური გირავნობის საგანზე საკუთრების უფლებას მოგირავნეს ან მისი სახელით მოქმედ პირს გადასცემს. საკუთრების გადაცემის ფინანსური გირავნობა წარმოიშობა მას შემდეგ, რაც მოგირავნეს ან მისი სახელით მოქმედ პირს გადაეცემა ფინანსური გირავნობის საგანზე საკუთრების უფლება და შეეძლება განკარგოს ფინანსური გირავნობის საგანი (მათ შორის, გაასხვისოს ან დააგირაოს ის), როგორც მესაკუთრემ.
5.ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში მოგირავნე ფინანსური გირავნობის საგანს დამგირავებელს უბრუნებს ან მოქმედებს ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების შესაბამისად.
6.ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, აღსრულებადობისათვის და მტკიცებულების სახით დასაშვებადობისათვის არ არის აუცილებელი მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაცია (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან მის მიმართ ნებისმიერი სახის ფორმალური ქმედების განხორციელება, მათ შორის, სანოტარო მოქმედებების განხორციელება და ქართულ ენაზე თარგმნა.
7.დამგირავებელს უფლება არ აქვს, ამ კანონის შესაბამისად დაგირავებული ფინანსური გირავნობის საგანი გამოიყენოს სხვა ვალდებულებების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, გამოიყენოს იგი, როგორც უზრუნველყოფის აქტივი, „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად).
8.მოგირავნეს აქვს ფინანსური გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სხვა უზრუნველყოფილ კრედიტორებთან შედარებით უპირატესი და უპირობო დაკმაყოფილების უფლება ამ კანონის შესაბამისად. საქართველოს 2022 წლის 29 ნოემბრის კანონი №2119 – ვებგვერდი, 16.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2608 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.






