1.საზედამხედველო ორგანო არ დააკმაყოფილებს აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის, რეგისტრაციის ან აღიარების შესახებ განაცხადს, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი: ა) განაცხადი ან/და წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამება ამ კანონის ან მის საფუძველზე საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) მჭიდრო კავშირმა, რომელიც არსებობს, ერთი მხრივ, განმცხადებელ კომპანიასა და, მეორე მხრივ, ნებისმიერ სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შორის, ან/და უცხო ქვეყნის იმ კანონმდებლობამ (ან მისმა აღუსრულებლობამ), რომლის მოქმედება ვრცელდება ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, შესაძლოა შეაფერხოს საზედამხედველო ორგანოს მიერ საზედამხედველო ფუნქციების ეფექტიანი შესრულება; გ) უცხოური აქტივების მმართველი კომპანიის შემთხვევაში − უცხო ქვეყანა, სადაც არის დაფუძნებული, შედის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებულ მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხაში; დ) უცხოური აქტივების მმართველი კომპანიის შემთხვევაში − არ არსებობს საზედამხედველო ორგანოსა და შესაბამის უცხოურ საზედამხედველო ორგანოს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება; ე) არსებობს აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის, რეგისტრაციის ან აღიარების შესახებ განაცხადზე უარის თქმის სხვა საფუძვლები „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.
