მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ
Article 50. არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება
1. არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება სავალდებულოა: ა) არქიტექტურული პროექტის – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონებში. აგრეთვე ქ. თბილისის ტერიტორიაზე II, III, IV კლასების მქონე შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობისას, გარდა დადგენილებით განსაზღვრული შემთხვევებისა; ბ) კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის – მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში, ამ დადგენილებით განსაზღვრულ სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, დადგენილების 32-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა, ქ. თბილისისა და ქ. ბათუმის თვითმმართველობის შესაბამისი ორგანო, ხოლო სხვა თვითმმართველობის სამოქმედო ტერიტორიაზე – თვითმმართველობის შესაბამისი ორგანო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით, უფლებამოსილი არიან არქიტექტურული პროექტის ფასადის ნაწილის შეთანხმების სავალდებულოობა განსაზღვრონ კონკრეტულ ქუჩებზე, მათ სამოქმედო ტერიტორიაზე.
