1.სააქციო საზოგადოება უფლებამოსილია შეამციროს განთავსებული კაპიტალი.
2.განთავსებული კაპიტალი შეიძლება შემცირდეს აქციათა ნომინალური ღირებულების ან ამ კანონის 156-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ღირებულების შემცირების ან აქციათა საერთო რაოდენობის შემცირების, მათ შორის, სააქციო საზოგადოების მიერ განთავსებული აქციების ნაწილის გამოსყიდვისა და გაუქმების, შემთხვევაში.
3.განთავსებული კაპიტალის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება და მისი შემცირების თაობაზე ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს.
4.განთავსებული კაპიტალის აქციათა ნომინალური ღირებულების ან ამ კანონის 156-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ღირებულების შემცირების შესახებ გადაწყვეტილებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სააქციო საზოგადოების მიერ შესაბამისი აქციონერებისთვის თანხის გადახდა. ამ გადაწყვეტილებით უნდა დადგინდეს: ა) ის ოდენობა, რომლითაც მცირდება განთავსებული კაპიტალი; ბ) იმ აქციათა სახეები, რომელთა ღირებულებაც მცირდება, და ის სიდიდე, რომლითაც მცირდება თითოეული აქციის ღირებულება; გ) თითოეული სახის აქციის შემცირებული ღირებულება; დ) ის თანხა, რომელიც ხმარდება აქციათა ღირებულების შემცირების შედეგად სააქციო საზოგადოების მიერ აქციონერების ანაზღაურების გაცემას.
