1.შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე ყოველი სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია გამოაქვეყნოს შერწყმის/გაყოფის გეგმის პროექტი ან განათავსოს ის სამეწარმეო საზოგადოების ვებგვერდზე იმ საერთო კრებამდე 30 დღის განმავლობაში, რომელმაც უნდა დაამტკიცოს შერწყმის/გაყოფის გეგმა. შერწყმის/გაყოფის გეგმის პროექტი უფასოდ უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
2.შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია სააქციო საზოგადოების აქციონერთათვის უფასო ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად სააქციო საზოგადოების ადმინისტრაციის შენობაში ან სააქციო საზოგადოების ვებგვერდზე ანდა მარეგისტრირებელი ორგანოს ერთიან ელექტრონულ პორტალზე, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე შერწყმის/გაყოფის გეგმის დასამტკიცებლად მოწვეული საერთო კრების ჩატარების თარიღამდე სულ ცოტა 30 დღის განმავლობაში გამოაქვეყნოს შემდეგი დოკუმენტები: ა) შერწყმის/გაყოფის გეგმის პროექტი; ბ) შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე სამეწარმეო საზოგადოებების ბოლო 3 წლის ფინანსური ანგარიშგებები შესადარისობის პრინციპის დაცვით; გ) ფინანსური ანგარიშგება, რომელიც შედგენილია შერწყმის/გაყოფის გეგმის პროექტის გამოქვეყნებამდე არაუადრეს მესამე თვის პირველ რიცხვში. სააქციო საზოგადოება თავისუფლდება ამ ვალდებულებისგან, თუ მას „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებული აქვს ნახევარი წლის ფინანსური ანგარიშგება; დ) არსებობის შემთხვევაში − შერწყმის/გაყოფის ანგარიში; ე) არსებობის შემთხვევაში − დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში.
