1.შერწყმის/გაყოფის რეესტრში რეგისტრაციის შესახებ განცხადება მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს შერწყმის/გაყოფის გეგმის გამოქვეყნებიდან 1 თვის შემდეგ. ამ ვადის დაცვა სავალდებულო არ არის, თუ ყველა პარტნიორი წერილობით უარს განაცხადებს შესაბამისი უფლების გამოყენებაზე. კრედიტორთა უფლებები განისაზღვრება ამ კანონის 74-ე მუხლით.
2.შერწყმის/გაყოფის რეესტრში რეგისტრაციის შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები: ა) შერწყმის/გაყოფის გეგმა; ბ) შემძენი სამეწარმეო საზოგადოების წესდებაში ცვლილებები ან ახლად დაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოების წესდება; გ) საერთო კრების გადაწყვეტილება, რომლითაც დამტკიცდა შერწყმის/გაყოფის გეგმა, აგრეთვე საერთო კრების ოქმი (არსებობის შემთხვევაში); დ) არსებობის შემთხვევაში − გადაწყვეტილება ახლად დაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი პირებისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევის შესახებ; ე) არსებობის შემთხვევაში − დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში; ვ) არსებობის შემთხვევაში − შერწყმის/გაყოფის ანგარიში; ზ) სახელმწიფო დაწესებულების ან სხვა კომპეტენტური ორგანოს თანხმობა შერწყმაზე/გაყოფაზე, თუ ეს საქართველოს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.
3.თუ შერწყმა/გაყოფა იწვევს ახალი სამეწარმეო საზოგადოების დაფუძნებას, შერწყმის/გაყოფის რეესტრში რეგისტრაციის შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს ყველა სხვა დოკუმენტი და მონაცემი, რომლებიც საჭიროა შესაბამისი სამართლებრივი ფორმის სამეწარმეო საზოგადოების დაფუძნებისთვის.
4.შერწყმა/გაყოფა ძალაში შედის მისი რეგისტრაციის მომენტიდან. შერწყმის/გაყოფის რეგისტრაციის შემდეგ შერწყმის/გაყოფის შესახებ სამეწარმეო საზოგადოების გადაწყვეტილების ბათილობაზე მითითება დაუშვებელია.
5.შერწყმის/გაყოფის რეგისტრაციასთან ერთად მიერთებული სამეწარმეო საზოგადოების ან დაყოფილი სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაცია უქმდება.
6.საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობა.
