„იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის
Article 10. იპოთეკური ობლიგაციების გამოსაშვებად ავტორიზაციის მოპოვება
1. იპოთეკური ობლიგაციების გამოშვების მსურველი კომერციული ბანკი ვალდებულია საქართველოს ეროვნული ბანკისგან მოიპოვოს ავტორიზაცია იპოთეკური ობლიგაციების გამოსაშვებად .
2. იპოთეკური ობლიგაციების გამოშვებისთვის ავტორიზაცია კომერციულ ბანკზე გაიცემა , თუ იგი აკმაყოფილებს სულ მცირე შემდეგ პირობებს : ა ) კომერციულ ბანკს აქვს ადეკვატური საოპერაციო პროგრამა იპოთეკური ობლიგაციების გამოსაშვებად ; ბ ) კომერციულ ბანკს ჩამოყალიბებული აქვს ინვესტორთა დაცვაზე ორიენტირებული , ადეკვატური პოლიტიკა , პროცესები და მეთოდოლოგია უზრუნველყოფის აქტივებად გამოყენებული სესხების დამტკიცებისთვის , მათში ცვლილების შეტანისთვის , მათი განახლებისა და რეფინანსირებისთვის ; გ ) კომერციული ბანკის მმართველი ორგანოს წევრებსა და თანამშრომლებს , რომლებიც მონაწილეობენ იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განხორციელებაში , აქვთ სათანადო გამოცდილება და ცოდნა ; დ ) კომერციულ ბანკს აქვს საკმარისი რესურსი უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანების შექმნისთვის , მართვისა და ზედამხედველობისთვის .
3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გააუქმოს იპოთეკური ობლიგაციების გამოშვებისთვის კომერციულ ბანკზე გაცემული ავტორიზაცია შემდეგ შემთხვევებში : ა ) კომერციულმა ბანკმა ავტორიზაცია არასწორი ინფორმაციის წარდგენით ან სხვა უკანონო ქმედების განხორციელებით მიიღო ; ბ ) კომერციული ბანკი აღარ აკმაყოფილებს იმ პირობებს , რომელთა საფუძველზედაც გაიცა ავტორიზაცია ; გ ) კომერციულმა ბანკმა არაერთგზის ან უხეშად დაარღვია ამ კანონით , საფინანსო სექტორის მარეგულირებელი სხვა კანონებით , მათ საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტით ან მითითებით განსაზღვრული მოთხოვნა ( მოთხოვნები ) იმგვარად , რომ საფრთხე შეექმნა იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის პროგრამის კრედიტორთა ინტერესების გათვალისწინებით განხორციელებას ; დ ) კომერციულმა ბანკმა ავტორიზაციის მიღებიდან 3 წლის განმავლობაში არ გამოუშვა იპოთეკური ობლიგაციები .
4. იპოთეკური ობლიგაციების გამოშვებისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ავტორიზაციის გაცემის დამატებითი წესი დგინდება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით .
