1.თუ სახელმწიფო აუდიტის სამსახური გამოავლენს ამ კანონის ან მონაცემთა დამუშავების მომწესრიგებელი სხვა ნორმატიული აქტის დარღვევას, იგი უფლებამოსილია გამოიყენოს შემდეგ ღონისძიებათაგან ერთ-ერთი ან ერთდროულად რამდენიმე: ა) მოითხოვოს დარღვევისა და მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებების მის მიერ მითითებული ფორმით და მითითებულ ვადაში გამოსწორება; ბ) მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების დროებით ან სამუდამოდ შეწყვეტა, თუ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა უსაფრთხოების დაცვისთვის განხორციელებული ღონისძიებები და პროცედურები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; გ) მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, მონაცემთა დაბლოკვა, წაშლა, განადგურება ან დეპერსონალიზაცია, თუ მიიჩნევს, რომ მონაცემთა დამუშავება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ხორციელდება; დ) მოითხოვოს მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისთვის გადაცემის შეწყვეტა, თუ მონაცემთა გადაცემა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ხორციელდება; ე) წერილობით მისცეს რჩევები და გაუწიოს რეკომენდაცია დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს მის მიერ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული წესების უმნიშვნელოდ დარღვევის შემთხვევაში; ვ) სამართალდამრღვევს დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
2.დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მითითებულ ვადაში შეასრულოს მისი მოთხოვნები და აცნობოს მას მათი შესრულების შესახებ.
3.თუ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი არ შეასრულებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოთხოვნებს, სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს, სამართალდამცავ ორგანოს ან/და შესაბამისი სფეროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ზედამხედველ (მარეგულირებელ) სახელმწიფო დაწესებულებას.
4.თუ სახელმწიფო აუდიტის სამსახური გამოავლენს მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, იგი უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და, შესაბამისად, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.
5.თუ სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქმიანობის განხორციელებისას მიიჩნევს, რომ არსებობს დანაშაულის ნიშნები, იგი ვალდებულია ამის შესახებ კანონით დადგენილი წესით აცნობოს უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს.
6.მონაცემთა დაცვის სფეროში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა და იგი კანონით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1289 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.






