1.სამედიცინო გამოკვლევა ტარდება მხარის მიერ სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექიმის მიერ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის მიზნით. სამედიცინო გამოკვლევა მოიცავს ნებისმიერი სახის სამედიცინო მანიპულაციასა და პროცედურას, რომლებიც არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას.
2.სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება დასაშვებია იმ პირის თანხმობით, რომლის მიმართაც უნდა ჩატარდეს საპროცესო მოქმედება. თუ პირი უარს აცხადებს სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებაზე ან მას არ აქვს უნარი, გამოხატოს სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების ნება, სამედიცინო გამოკვლევა ტარდება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით. თუ არსებობს ამ კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების გადაუდებლად ჩატარების აუცილებლობა, სამედიცინო გამოკვლევა შეიძლება ჩატარდეს სასამართლოს განჩინების გარეშე, გამომძიებლის დადგენილებით.
3.საპროცესო მოქმედების გადაუდებლად ჩატარების აუცილებლობის არსებობის შემთხვევაში სამედიცინო გამოკვლევის დაწყებიდან 48 საათის განმავლობაში პროკურორმა გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს ან სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ჩატარდა საპროცესო მოქმედება, უნდა შეატყობინოს სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების თაობაზე, უნდა წარუდგინოს შუამდგომლობა სამედიცინო გამოკვლევის კანონიერების შემოწმების შესახებ და უნდა გადასცეს სისხლის სამართლის საქმის მასალები, რომლებიც ასაბუთებს ამ საპროცესო მოქმედების გადაუდებლად ჩატარების აუცილებლობას, ან მათი ასლები. სასამართლო აღნიშნული საქმის მასალების მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა, ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს ამ შუამდგომლობას. სასამართლო უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს პროკურორისა და იმ პირის მონაწილეობით, რომლის მიმართაც ჩატარდა საპროცესო მოქმედება. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №500 – ვებგვერდი, 17.04.2025წ.






