1.თუ პროკურორი და ქონების მესაკუთრე, მისი ადვოკატი ქონების მიზნობრივ განკარგვაზე შეთანხმდებიან, პროკურორი გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართავს წერილობითი შუამდგომლობით ქონების მიზნობრივი განკარგვის თაობაზე.
2.პროკურორის შუამდგომლობას თან ერთვის ქონების მესაკუთრის წერილობითი განცხადება და სისხლის სამართლის საქმის იმ მასალების ასლები, რომლებიც აუცილებელია შუამდგომლობის განხილვისთვის. ამ განცხადებაში დადასტურებული უნდა იყოს, რომ ქონების მესაკუთრემ ნებაყოფლობით განაცხადა მისი განკარგვის თაობაზე და იგი სრულად აცნობიერებს მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს.
3.შუამდგომლობას ხელს აწერენ პროკურორი, ქონების მესაკუთრე და მისი ადვოკატი. შუამდგომლობას თან ერთვის ქონების მიზნობრივი განკარგვის ოქმი.
4.შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო სისხლის სამართლის საქმის შესაბამისი მასალების საფუძველზე ამოწმებს, დასაბუთებულია თუ არა შუამდგომლობა, არსებობს თუ არა ამ კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები და არის თუ არა მოთხოვნა კანონიერი.
5.შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო ვალდებულია დარწმუნდეს, რომ: ა) ქონების მიზნობრივი განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან უკანონო დაპირების გარეშე; ბ) ქონების მიზნობრივი განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილება ნებაყოფლობითია; გ) ქონების მესაკუთრე სრულად აცნობიერებს მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს; დ) ქონების მესაკუთრემ მიიღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება; ე) ის სრულად ასახავს მხარეთა შორის დადებული შეთანხმების ყველა პირობას.
6.მოსამართლე ვალდებულია ქონების მესაკუთრეს განუმარტოს, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული შეთანხმების აღსრულებას.
7.მოსამართლე შუამდგომლობას იხილავს ზეპირი მოსმენით, მისთვის შუამდგომლობით მიმართვიდან 72 საათის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და ქონების მიზნობრივი განკარგვის თაობაზე ან შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი არ საჩივრდება, თუმცა არ ზღუდავს სასამართლოსთვის 3 თვის შემდეგ ხელახლა მიმართვის შესაძლებლობას.
8.ქონების მიზნობრივი განკარგვის თაობაზე სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილში სხვა აუცილებელ რეკვიზიტებთან ერთად უნდა მიეთითოს განსაკარგავი ქონების მაიდენტიფიცირებელი ნიშნები და მოცულობა, ქონების მიმღები პირის ვინაობა, გადაწყვეტილება ქონებაზე დადებული ყადაღის სრულად ან ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე. საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №954 – ვებგვერდი, 05.09.2025წ.


