საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 236. ნაფიც მსაჯულთა (სათადარიგო მსაჯულთა, მსაჯულობის კანდიდატთა) მოვალეობანი
1. ნაფიც და სათადარიგო მსაჯულებს ეკრძალებათ: ა) სხდომის მიმდინარეობისას სასამართლო სხდომის დარბაზის დატოვება; ბ) ვერდიქტის გამოტანამდე საქმის განხილვისას მიღებული ინფორმაციის გამჟღავნება ან საკუთარი აზრის გამოთქმა განსახილველ საქმესთან დაკავშირებით; გ) განსახილველი საქმის გარემოებებთან დაკავშირებით სხდომის თავმჯდომარის გარდა სხვა პირებთან ურთიერთობა; დ) განსახილველ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება სხდომის ფარგლებს გარეთ; ე) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირისა და კენჭისყრის საიდუმლოების დარღვევა; ვ) სასამართლოს შენობაში წესრიგის დარღვევა და სხდომის თავმჯდომარის შესაბამისი მითითებების შეუსრულებლობა.
2. ნაფიცი მსაჯული ვალდებულია დაესწროს განსახილველ საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო სხდომებს და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირს.
