1.ამ მუხლში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ღონისძიების ორგანიზატორი − ნებისმიერი სუბიექტი (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, იურიდიული პირის ფილიალი, ორგანიზაცია, დაწესებულება, სხვა სახელმწიფოს წარმომადგენლობა და ა. შ.), რომელიც დაინტერესებულია თავის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მოსამართლის მონაწილეობით; ბ) ღონისძიება − ნებისმიერი ხასიათის ვიზიტი, საქმიანი შეხვედრა, სამუშაო შეხვედრა, კონფერენცია, ტრენინგი, ლექცია, სემინარი და სხვა მსგავსი ღონისძიება; გ) მოსამართლესთან სპეციალური კომუნიკაცია − ღონისძიებაში შესაბამისი მოსამართლის მონაწილეობის მიზნით ღონისძიების ორგანიზატორის მიერ ამ მოსამართლესთან კომუნიკაციის განხორციელება.
2.აკრძალულია მოსამართლესთან სპეციალური კომუნიკაცია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჩართულობის გარეშე.
3.ღონისძიების ორგანიზატორი ღონისძიების განხორციელებამდე გონივრული ვადით ადრე ღონისძიების შესახებ ატყობინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. შეტყობინება გულისხმობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის ღონისძიების თაობაზე შემდეგი ინფორმაციის წარდგენას: ა) ღონისძიების არსის, მიზნისა და დღის წესრიგის შესახებ (ღონისძიების განხორციელების დროის, ხანგრძლივობის, პერიოდულობისა და ადგილის მითითების ჩათვლით); ბ) ღონისძიებაში მონაწილე პირების (ტექნიკური პერსონალის გარდა) ვინაობის შესახებ (მათი თანამდებობის ან სხვა სტატუსის მითითების ჩათვლით); გ) ღონისძიებაში მოსამართლის (მოსამართლეების) მონაწილეობის მოთხოვნის შესახებ, ამ ღონისძიებაში მისი (მათი) როლის აღწერით.
4.კონკრეტული მოსამართლეების შესაბამის ღონისძიებაში მონაწილეობის საკითხს წყვეტს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ღონისძიებაში მოსამართლის მონაწილეობაზე თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში მოსამართლის სასწავლო შვებულებაში ან სამსახურებრივ მივლინებაში გასვლის შესახებ ბრძანება არ გამოიცემა.
5.თუ ღონისძიების ორგანიზატორი მოსამართლესთან განახორციელებს სპეციალურ კომუნიკაციას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის ამ მუხლით დადგენილი წესით მიმართვის გარეშე ან თანხმობის გაცემაზე უარის თქმის მიუხედავად, მოსამართლე ვალდებულია ღონისძიების ორგანიზატორს განუცხადოს, რომ მასთან კომუნიკაცია არასათანადო კომუნიკაციაა და ამ კომუნიკაციის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. ასეთ შემთხვევაში შესაბამის ღონისძიებაში ამ მოსამართლის მონაწილეობის საკითხი აღარ განიხილება. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №921 – ვებგვერდი, 02.07.2025წ. თავი XIII. უზენაესი სასამართლოს ადგილსამყოფელი, სასამართლო ხელისუფლების სიმბოლოები




