1.სადისციპლინო კოლეგია დისციპლინურ საქმეს განიხილავს სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე. სხდომას თავმჯდომარეობს სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მომხსენებელი წევრი.
2.სადისციპლინო კოლეგიის სხდომას ხსნის კოლეგიის სხდომის თავმჯდომარე.
3.დისციპლინური საქმის განხილვა იწყება კოლეგიის ერთ-ერთი წევრის მოხსენებით, რომელშიც ქრონოლოგიური თანამიმდევრობით არის გადმოცემული დისციპლინური საქმის წარმოების ეტაპები და შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები.
4.მოხსენების მოსმენის შემდეგ სიტყვა ეძლევათ მხარეებს: ჯერ – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელს დისციპლინური ბრალდების წასაყენებლად, შემდეგ – დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს წაყენებულ ბრალდებაზე საპასუხოდ. დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს უფლება აქვს, დამცველის დახმარებით ისარგებლოს. მას შეუძლია დამცველად მიიწვიოს ადვოკატი ან სხვა მოსამართლე, ან სხვა წარმომადგენელი.
5.მხარეებს უფლება აქვთ, სრულად გამოხატონ და სათანადოდ დაიცვან თავიანთი პოზიციები, დაუსვან ერთმანეთს შეკითხვები, წარადგინონ წერილობითი და სხვა სახის მტკიცებულებები, აღძრან შუამდგომლობები სხვადასხვა დოკუმენტების, მასალების ან ინფორმაციის გამოქვეყნების, ანდა სხდომაზე მიწვეულ პირთა ინფორმაციების მოსმენის, დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნის ან დამატებითი პირების მიწვევისა და მათი ინფორმაციების მოსმენის, შესაბამისი სასამართლო საქმის გამოთხოვის შესახებ, აგრეთვე განახორციელონ სხვა ღონისძიებები. შუამდგომლობებს განიხილავს სადისციპლინო კოლეგია.
6.სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია დაუსვას შეკითხვები მხარეებს ან საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულ პირებს, მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები, მასალები ან ინფორმაცია, დამატებით მიიწვიოს სხვა პირები მათი ინფორმაციის მოსასმენად, გადადოს საქმის განხილვა არაუმეტეს 2 კვირით და განახორციელოს სხვა ღონისძიებები.
7.
