1.თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, საქსტატი უფლებამოსილია ადმინისტრაციული ორგანოებისაგან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მოითხოვოს და მიიღოს თავისი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ყველა სტატისტიკური მონაცემი და სხვა ინფორმაცია, მათ შორის, კონფიდენციალური ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2.თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებული არიან, საქსტატის მოთხოვნის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარუდგინონ მას ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების შესახებ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, მათ შორის, კონფიდენციალური ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
3.თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული პირები ვალდებული არიან, საქსტატის წერილობითი, მათ შორის, ელექტრონული სახით, მოთხოვნის შემთხვევაში მატერიალური ან ელექტრონული სახით წარუდგინონ მას მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, მათ შორის, კონფიდენციალური.
4.საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლებში საქსტატისათვის ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებულ პირებს დაეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.
5.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენის ვადას ადგენს საქსტატი სტატისტიკური კვლევის პერიოდის გათვალისწინებით. ეს ვადა არ უნდა იყოს წერილობითი, მათ შორის, ელექტრონული სახით, მოთხოვნის ადრესატისათვის ჩაბარებიდან/ადრესატის მიერ მიღებიდან 7 კალენდარულ დღეზე ნაკლები.
6.ადრესატისათვის წერილობითი მოთხოვნის ჩაბარება უნდა დადასტურდეს სათანადო დოკუმენტით, ხოლო ადრესატის მიერ ელექტრონული წერილის მიღება – საპასუხო ელექტრონული წერილით.
7.წერილის ჩაბარებაზე უარის თქმის შემთხვევაში წერილი ჩაბარებულად ითვლება.
8.ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება არ ათავისუფლებს პირს ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების შესრულებისგან. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3584 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.



