ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Article 151. კონფიდენციალურობის დაცვა
1. საქართველოს მთავრობა, სამინისტრო, კომისია და სხვა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოები ვალდებული არიან დაიცვან შესაბამისი უწყებებისა და რეგულირებული საწარმოების მიერ წარდგენილი კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის კონფიდენციალურობა და მიღებული მონაცემები და ინფორმაცია გამოიყენონ მხოლოდ ინფორმაციის მოთხოვნაში მითითებული მიზნით. კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება დაიშვება კანონით დადგენილი პირობების შესაბამისად.
2. ამ კანონის 147-ე მუხლისა და ინფორმაციის გამჟღავნებასთან დაკავშირებით არსებული სამართლებრივი ვალდებულებების შეზღუდვის გარეშე სისტემისა და ბაზრის ოპერატორები ვალდებული არიან დაიცვან იმ კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას. სისტემისა და ბაზრის ოპერატორები აგრეთვე ვალდებული არიან არ დაუშვან მათი საქმიანობის შესახებ ისეთი ინფორმაციის დისკრიმინაციული გზით გამჟღავნება, რომელმაც შესაძლოა წარმოშვას კომერციული სარგებელი. ასეთი ინფორმაციის გამჟღავნება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პირობებით ან თუ აღნიშნული ცალსახად აუცილებელია სამეწარმეო ოპერაციის განსახორციელებლად.
