Article 63. სესხის მიმღების მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა, ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალებები და პირობები
1. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების წარმოშობისთანავე სესხის გამცემს უფლება აქვს, სესხის მიმღების მიმართ გამოიყენოს სესხის ხელშეკრულებით, ამ კოდექსით და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებები ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად.
2. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალებად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, სესხის მიმღების მიმართ იძულებითი აღსრულება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები.
3. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად სესხის გამცემი ვალდებულია ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების წარმოშობიდან არა უგვიანეს 6 თვისა წერილობით მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. სესხის გამცემის წერილობითი შეტყობინება უნდა ეფუძნებოდეს ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების არსებობას, უნდა განსაზღვრავდეს ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების ოდენობას, წარმოშობის საფუძვლებს და უნდა შეიცავდეს შესაბამის დასაბუთებას.
