სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ
Article 8. მენეჯერული ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის ფარგლები
1. დაწესებულების ხელმძღვანელი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ახდენს რისკის იდენტიფიცირებას, შეფასებასა და მართვას; ბ) განსაზღვრავს დაწესებულების მიზნებსა და ამოცანებს; დასახული მიზნების მისაღწევად და ამოცანების შესასრულებლად შეიმუშავებს სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმებსა და პროგრამებს; გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს და მართავს დაწესებულების მიზნების მისაღწევად და ამოცანების შესასრულებლად საჭირო რესურსებს; დ) ხელს უწყობს ადამიანური რესურსების ეფექტიან მართვას და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას; ე) ხელს უწყობს მონაცემთა დაცვისა და მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას; ვ) დაკისრებული მოვალეობის ეფექტიანად შესასრულებლად შეიმუშავებს და აყალიბებს ოპტიმალურ ორგანიზაციულ სტრუქტურას; ზ) ახდენს უფლებამოსილების დელეგირებას გადაწყვეტილების მიღების, განხორციელებისა და კონტროლის პროცესში; თ) უზრუნველყოფს დაწესებულების მიერ განხორციელებული ყველა ოპერაციის სრულად, ზუსტად, დროულად და რეგულარულად აღრიცხვის პროცედურების დანერგვას; ი) ხელს უწყობს შიდა აუდიტის სუბიექტის ფუნქციონირებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; კ) უზრუნველყოფს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის მონიტორინგს, სისტემის გასაუმჯობესებლად იღებს შესაბამის ზომებს შიდა აუდიტორების რეკომენდაციებსა და სხვა შეფასებებზე დაყრდნობით; ლ) ახორციელებს და ხელს უწყობს ანტიკორუფციული ღონისძიებების პროცედურების დანერგვას; მ) ახორციელებს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის მდგომარეობის შედეგების შეფასებას; ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
