1.საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ეს კანონი აღიარებს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის – დიზაინის – საკუთრების უფლების ხელშეუვალობას; აწესრიგებს დიზაინის შექმნასთან, რეგისტრაციასთან, გამოყენებასთან, სამართლებრივ დაცვასთან და აქედან გამომდინარე უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
2.ამ კანონის მოქმედება ვრცელდება დიზაინზე, რომელიც კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულია ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ მიერ სამრეწველო საკუთრების რეესტრში (შემდგომში – რეესტრი) ან რომელზედაც ვრცელდება საერთაშორისო რეგისტრაცია.
3.დიზაინი, რომელიც არ არის რეგისტრირებული საქპატენტში ან რომელზედაც არ ვრცელდება საერთაშორისო რეგისტრაცია, დაცულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.





