განათლების ხარისხის განვითარების შესახებ
Article 16. ავტორიზაციაზე უარის თქმის, ავტორიზაციის გაუქმების ან ავტორიზაციის ვადის გასვლის სამართლებრივი შედეგები
1. ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში: ა) დაწესებულება ვერ მოიპოვებს ან დაკარგავს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს შესაბამისი გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღიდან; ბ) საგანმანათლებლო დაწესებულება ამ კანონის მე-11 მუხლის 2 2 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზაციის საბჭოს მიერ დადგენილ ვადაში აგრძელებს საგანმანათლებლო საქმიანობას, რომლის ფარგლებშიც მას ეზღუდება მოსწავლეების/სტუდენტების/პროფესიული სტუდენტების/ აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/დოქტორანტობის კანდიდატების/აპლიკანტების მიღების უფლება; გ) მოსწავლეს/სტუდენტს უფლება აქვს, ამ კანონის მე-11 მუხლის 2 2 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზაციის საბჭოს მიერ დადგენილი ვადით სწავლა გააგრძელოს იმავე საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან გადავიდეს სხვა, შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში; დ) სტუდენტს ამ კანონის მე-11 მუხლის 2 2 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზაციის საბჭოს მიერ დადგენილი ვადის (ასეთი ვადის არსებობის შემთხვევაში) გასვლიდან, ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში უჩერდება სტუდენტის სტატუსი და ის უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით; ე) პროფესიულ სტუდენტს ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ, ავტორიზაციის გაუქმების შესახებ ან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების განხორციელების უფლების ჩამორთმევის შესახებ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში უჩერდება პროფესიული სტუდენტის სტატუსი და ის უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით; ვ) აბიტურიენტი, რომელმაც წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის მიხედვით მოიპოვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება, უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით; ზ) მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში მოხვდა, უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით; თ) აპლიკანტი, რომელმაც შესაბამის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება მოიპოვა, უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით.
