1.ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება არ აკმაყოფილებს ავტორიზაციის ერთ-ერთ სტანდარტს.
2.უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემოწმების შედეგების საფუძველზე ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ, თუ დაწესებულება არღვევს ავტორიზაციის სტანდარტს ან საგანმანათლებლო სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ნორმებს სტუდენტის ან პროფესიული სტუდენტის სტატუსის წარმოშობასთან, შეჩერებასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებით.
3.ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში: ა) დაწესებულება ვერ მოიპოვებს ან დაკარგავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს შესაბამისი გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღიდან; ბ) საგანმანათლებლო დაწესებულება „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 2 2 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზაციის საბჭოს მიერ დადგენილ ვადაში აგრძელებს საგანმანათლებლო საქმიანობას, რომლის ფარგლებშიც მას ეზღუდება სტუდენტების/აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/ დოქტორანტობის კანდიდატების მიღების უფლება; გ) სტუდენტს უფლება აქვს, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 2 2 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზაციის საბჭოს მიერ დადგენილი ვადით სწავლა გააგრძელოს იმავე საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან გადავიდეს სხვა, შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში; დ) სტუდენტს „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 2 2 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზაციის საბჭოს მიერ დადგენილი ვადის (ასეთი ვადის არსებობის შემთხვევაში) გასვლიდან, ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში უჩერდება სტუდენტის სტატუსი და ის უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით; ე) აბიტურიენტი, რომელმაც წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის მიხედვით მოიპოვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება, უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით; ვ) მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში მოხვდა, უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით.
4.ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში იურიდიული პირი უფლებამოსილია საგანმანათლებლო დაწესებულების იმავე სტატუსის მოსაპოვებლად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საავტორიზაციო განაცხადი წარუდგინოს ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის შემდეგ.
5.თუ საავტორიზაციო განაცხადი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს წარედგინა საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით განსაზღვრული საავტორიზაციო განაცხადის წარდგენის ვადების დაცვით და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფების შექმნის თაობაზე, ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული, ამ კანონის 56 2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი დაწესებულება ჩაითვლება ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებად ავტორიზაციის ვადის გასვლიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი №4787 - ვებგვერდი, 07.03.2016წ. საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6285 – ვებგვერდი, 15.06.2020წ. საქართველოს 2022 წლის 16 მარტის კანონი №1430 – ვებგვერდი, 24.03.2022წ. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1163 - ვებგვერდი, 12.12.2025წ.

