1.ნოტარიუსი ვალდებულია პირის თხოვნით დეპოზიტში მიიღოს დოკუმენტები. ნოტარიუსი უფლებამოსილია უარი თქვას დოკუმენტების დეპოზიტში მიღებაზე, თუ აქვს პატივსადები საფუძველი.
2.ნოტარიუსი ვალდებულია შეადგინოს დოკუმენტის დეპონირების ოქმი; ოქმში უნდა აღინიშნოს: ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი, დეპონენტის სრული რეკვიზიტები, დოკუმენტის სრული რეკვიზიტები (მათი არსებობის შემთხვევაში), დოკუმენტის მდგომარეობა (ტექსტში არსებული ჩასწორებები, ლაქები, ფურცლების რაოდენობა და სხვა მსგავსი გარემოებები) და დეპონენტის განცხადება დოკუმენტის დაბრუნების შესახებ (განცხადების არსებობის შემთხვევაში). ოქმსა და დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს ნოტარიუსმა და დეპონენტმა.
3.ნოტარიუსმა დოკუმენტი და დოკუმენტის დეპონირების ოქმი უნდა შეინახოს თავის არქივში, ხოლო დეპონენტს უნდა მისცეს ოქმის ასლი.
4.დოკუმენტი შეიძლება დაუბრუნდეს დეპონენტს ან მის მემკვიდრეებს ან დეპონირების მომენტში დასახელებულ სხვა პირს, თუ ამის შესახებ დეპონენტმა განაცხადა დოკუმენტის დეპონირების მომენტში და გაცხადება ასახულია დეპონირების ოქმში.
5.ნოტარიუსი ვალდებულია დოკუმენტის დაბრუნების შემთხვევაში შეადგინოს დოკუმენტის დაბრუნების ოქმი. ოქმში უნდა აღინიშნოს: ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი, დოკუმენტის მიმღების სრული რეკვიზიტები და დოკუმენტის მიღების საფუძველი, დოკუმენტის სრული რეკვიზიტები, დოკუმენტის მდგომარეობა (ტექსტში არსებული ჩასწორებები, ლაქები და სხვა მსგავსი გარემოებები) და მითითება იმის შესახებ, რომ დოკუმენტი იმყოფება იმავე მდგომარეობაში, როგორც დეპონირების დროს. ოქმს ხელი უნდა მოაწეროს ნოტარიუსმა და დოკუმენტის მიმღებმა.
