„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის VIII 1 თავით
მუხლი 26^10. ნებართვის გაცემის წესი
1. ნებართვა გაიცემა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესების დაცვით, ამ თავით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით.
2. საჭიროების შემთხვევაში სამეცნიერო საბჭო ადგენს კონვენციის II ან III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის წლიურ საექსპორტო კვოტას, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. აღნიშნული კვოტის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს კონვენციის მხარეთა კონფერენციის ან კომიტეტების მიერ აღიარებული მეთოდიკა (არსებობის შემთხვევაში).
3. ნებართვის მისაღებად განცხადება და თანდართული დოკუმენტები შეიძლება წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით. ნებართვის მაძიებლის მიერ განცხადების წარდგენა, მისი წარმოებაში მიღება და განხილვა ხდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით დადგენილი წესით.
4. განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) ექსპორტისთვის, იმპორტისთვის, რეექსპორტისთვის ან ზღვიდან ინტროდუქციისთვის განკუთვნილი სახეობის ნიმუშის (სახეობა, ნაწილი, დერივატი) დასახელებას (ქართულ ან/და სამეცნიერო სახელწოდებას), რაოდენობას და აღწერას; ბ) სახეობის ნიმუშის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ზღვიდან ინტროდუქციის მიზანს (კომერციული მიზნით, ზოოპარკისთვის, ბოტანიკური ბაღისთვის, ცირკისთვის, მოძრავი გამოფენისთვის, სამეცნიერო მიზნით, სანადირო ტროფეის სახით, კერძო საკუთრებისთვის, სამედიცინო მიზნით, საგანმანათლებლო მიზნით, ბუნებაში რეინტროდუქციისთვის/ინტროდუქციისთვის, ხელოვნურად მოშენებისთვის/ტყვეობაში გამრავლებისთვის); გ) ექსპორტისთვის, იმპორტისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილი სახეობის ნიმუშის წარმოშობის წყაროს და დროს; დ) ექსპორტიორის ან იმპორტიორის რეკვიზიტებს.
5. კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ხელოვნურად მოშენებული კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარის ნიმუშის ექსპორტის შესახებ განცხადება დამატებით უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარის ნიმუშის დასახელებას და ყოველწლიურად მოსაპოვებელ რაოდენობას; ბ) მიწის ნაკვეთზე არსებული კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარის ნიმუშის სავარაუდო რაოდენობას; გ) მიწის ნაკვეთის მართვის ღონისძიებებს; დ) ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ პირველად ხელოვნურად როდის იქნა მოშენებული კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარე ამ მიწის ნაკვეთზე; ე) ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა იყო პირველად ხელოვნურად მოშენებული კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარის წარმოშობის წყარო; ვ) ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ უკანასკნელად როდის დაირგო კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარის ნიმუში ამ მიწის ნაკვეთზე და რა იყო მისი წარმოშობის წყარო.
