მუხლი 19. დახურული ტენდერის ჩატარების წესი
1. დახურული ტენდერის ჩატარების წესი განისაზღვრება ,,სახელმწიფო შესყიდვების შეახებ“ კანონის მე-20 მუხლითა და ამ დებულებით.
2. დახურული ტენდერის ჩატარების შემთხვევაში გამოიყენება ღია ტენდერის ჩატარებისათვის დადგენილი წესი იმ განსხვავებით, რომ განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ უშუალოდ ეგზავნება სატენდერო კომისიის მიერ წინასწარ შერჩეულ პირებს.
3. სატენდერო კომისიის მიერ წინასწარ შერჩეული პირების რაოდენობა არ უნდა იყოს ხუთზე ნაკლები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შესასყიდი საქონლის, სამუშაოს, მომსახურების მიწოდება შეუძლია იურიდიულ და ფიზიკურ პირთა შეზღუდულ წრეს, რომელთა რაოდენობა ხუთზე ნაკლებია.
4. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პირების შერჩევის მიზნით სატენდერო კომისიამ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ინფორმაციის ყველა არსებული წყარო (შესაბამისი საცნობარო გამოცემები, დარგობრივი სამინისტროების, უწყებების ხელთ არსებული ინფორმაცია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ წარმოებული მიმწოდებელთა მუდმივ განახლებადი რეესტრის მონაცემები და სხვა).
