მუხლი 22. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება
1. ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტისათვის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების გაგზავნიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში შემსყიდველ ორგანიზაციას და გამარჯვებულ პრეტენდენტს შორის იდება ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.
2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება იდება სატენდერო დოკუმენტაციით, განზრახვათა შესახებ ხელშეკრულებით და გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადებით გათვალისწინებული პირობების საფუძველზე.
3. ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების თაობაზე შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ 30 დღის ვადაში უნდა გამოქვეყნდეს გაზეთში ,,საქართველოს რესპუბლიკა“.
4. იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პრეტენდენტი უარს განაცხადებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე, ან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების გარანტირების მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში ვერ წარმოადგენს საჭირო გარანტიას, ან მოხდება მისი დისკვალიფიკაცია, სატენდერო კომისია მიმართავს ტენდერში მონაწილე დანარჩენ პრეტენდენტებს სატენდერო წინადადებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობის თაობაზე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – აგრეთვე განზრახვათა შესახებ ხელშეკრულების, სატენდერო წინადადების, მისი გარანტიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.
