მუხლი 20. ორეტაპიანი ტენდერის ჩატარების წესი
1. ორეტაპიანი ტენდერის (ღია ან დახურული) ჩატარების დროს შემსყიდველი ორგანიზაცია ხელმძღვანელობს იმავე ძირითადი პრინციპებითა და მიდგომებით, რომლებიც დამახასიათებელია ერთეტაპიანი ტენდერისათვის და განსაზღვრულია ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონისა და ამ დებულების შესაბამისი მუხლებით.
2. ორეტაპიანი ტენდერის პროცედურები, როგორც წესი, გამოიყენება ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვის დროს, როდესაც მომსახურების ხარისხსა და შემსრულებელი პირის კვალიფიკაციას ენიჭება უფრო დიდი მნიშვნელობა, ვიდრე ამ მომსახურების ღირებულებას, აგრეთვე გრძელვადიანი ხელშეკრულებების დადებისათვის, ან სამშენებლო სამუშაოების და ტექნოლოგიურად რთული ობიექტების შესყიდვისათვის.
3. ორ ეტაპად ტენდერის ჩატარების შემთხვევაში იურიდიული და ფიზიკური პირები საკვალიფიკაციო მონაცემებთან ერთად სატენდერო კომისიას წარუდგენენ პირველად სატენდერო წინადადებებს და ზოგად მონაცემებს, ხოლო მეორე ეტაპზე სატენდერო კომისია იწვევს მხოლოდ იმ პრეტენდენტებს, რომლებიც თავისი საკვალიფიკაციო მონაცემებითა და შემოთავაზებული წინადადებებით შეესაბამებიან პირველი ეტაპისათვის დადგენილ პირობებს.
