მუხლი 23. სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შეწყვეტა
1. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის განხორციელება, როდესაც: ა) ამის აუცილებლობა წარმოიქმნება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზების გამო, აგრეთვე სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე; ბ) დახურული ტენდერის ჩატარების შემთხვევაში განსახილველი საკვალიფიკაციო მონაცემების ან/და სატენდერო წინადადებების რაოდენობა სამზე ნაკლებია. აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა შეთანხმდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან.
2. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეაჩეროს ან შეწყვიტოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ დადებული ხელშეკრულების მოქმედება, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ყალბი აღმოჩნდება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
3. შესყიდვის პროცედურების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია არა უგვიანეს სამი დღისა აცნობებს თავის გადაწყვეტილებას და მისი მიღების საფუძველს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და შესყიდვაში მონაწილე ყველა პირს. შემსყიდველი ორგანიზაცია არ არის ვალდებული შესყიდვაში მონაწილე პირებს წარუდგინოს კონკრეტული მტკიცებულებანი ან დეტალური ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება, აგრეთვე აუნაზღაუროს მათ შესყიდვაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები, სატენდერო მოსაკრებლის გარდა.
