1.პირისათვის პირადობის (ბინადრობის) დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის მიზნით, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები ვალდებულნი არიან: ა) განმცხადებლის მიერ ზეპირად ან/და წერილობით მიწოდებული ინფორმაცია ასახონ განცხადება-ანკეტის ფორმაში, რომელსაც ხელს აწერს განმცხადებელი (ხელმოწერის შესაძლებლობის შემთხვევაში); ბ) საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს ხელმოწერა იმ პირისაგან, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა; გ) სამახსოვრო ბარათი, მასში დაფიქსირებული მონაცემების გადამოწმების და შესაბამისი მომსახურების მიღების თაობაზე ნების გამოხატვის დადასტურების მიზნით, ხელმოსაწერად (ხელმოწერის შესაძლებლობის შემთხვევაში) გადასცენ განმცხადებელს; “. დ) ჩაიბარონ განმცხადებლის მიერ ხელმოწერილი სამახსოვრო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისათვის აუცილებელი სხვა დოკუმენტები; ე) ვიზუალური დათვალიერებით დაადგინონ, ხომ არ შეიცავს წარდგენილი დოკუმენტები ჩანაწერების, ბეჭდების, შტამპების, ხელმოწერების გადაკეთებისა და გაყალბების, ან ფოტოსურათების შეცვლის ნიშნებს. ამ წესის 50-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაამოწმონ დოკუმენტის კანონიერება, დაადგინონ, ერიცხება თუ არა წარდგენილი დოკუმენტი ორგანოს, რომელიც მის გამცემადაა დასახელებული; ვ) საჭიროების შემთხვევაში, წარმოდგენილი დოკუმენტებისა და მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, დაადგინონ პირის მოქალაქეობა; ზ) დაინტერესებული პირის პირადობის დადასტურების ან მოქალაქეობრივი კუთვნილების დადგენის საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაციის გამოთხოვისათვის საკმარისი მონაცემების არსებობისას, გამოითხოვონ ინფორმაცია შესაბამისი ორგანოებიდან; თ) გადაამოწმონ ინფორმაცია პირის რეგისტრაციის თაობაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში პირის რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაციის მოსაპოვებლად, სააგენტოს არქივების დეპარტამენტის საინფორმაციო-სამისამართო სამმართველოში წერილობითი ან ელექტრონული ფორმით გააგზავნონ შესაბამისი მოთხოვნა; თ 1 ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ წარმოებულ საგანმანათლებლო დაწესებულებების ელექტრონულ რეესტრში (შემდგომში – საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრი) გადაამოწმონ, არის თუ არა პირი რეგისტრირებული, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი და აქვს თუ არა შეჩერებული/შეწყვეტილი სტუდენტის სტატუსი; ი) პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მათი გაცემისათვის საჭირო მონაცემები ელექტრონული ფორმით გადაუგზავნონ სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის დოკუმენტების პერსონალიზაციის სამმართველოს, ხოლო პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემაზე უარის შემთხვევაში, გამოსცენ შესაბამისი წერილობითი გადაწყვეტილება. განახორციელონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად .
1¹.ამ წესის მიზნებისათვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტად ითვლება ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ერთ-ერთი შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი: ა) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა; ბ) აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა (ბაკალავრიატი); გ) აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა (მაგისტრატურა); დ) დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამა; ე) აკადემიური უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა (დოქტორანტურა).
2.პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის უფლებამოსილების მქონე ტერიტორიული სამსახურების მიერ ობიექტურ მიზეზთა გამო პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გადაცემის შეუძლებლობისას, ტერიტორიული სამსახური უფლებამოსილია შესაბამის დაინტერესებულ პირზე, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, გასცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, რომელიც არ შეიცავს ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაცემის თაობაზე დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნის წარდგენა და მისი განხილვა ხდება ამ წესის 25-ე და 28-ე-29-ე მუხლებისა და ამ მუხლის შესაბამისად. აღნიშნულ შემთხვევაში პირადობის (ბინადრობის) მოწმობა გაიცემა პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაში ასახული მონაცემებით კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.
3.პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის უფლებამოსილების მქონე ტერიტორიული სამსახურების მიერ ობიექტურ მიზეზთა გამო პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის შეუძლებლობისას, აღნიშნული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემისა და მისი მოქმედების ვადის თაობაზე ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი პირი გამოსცემს წერილობით გადაწყვეტილებას.
4.განცხადება-ანკეტის ფორმებს, საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით, ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე, ხოლო სამახსოვრო ბარათის ფორმებს ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის ბრძანება №98 - ვებგვერდი, 13.06.2012 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 11 სექტემბრის ბრძანება №161 - ვებგვერდი, 11.09.2012 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 21 სექტემბრის ბრძანება №170 - ვებგვერდი, 21.09.2012 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 6 თებერვლის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 06.02.2014 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №91 - ვებგვერდი, 11.08.2015 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 9 მარტის ბრძანება №129 - ვებგვერდი, 09.03.2016 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1161 - ვებგვერდი, 30.12.2025 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 19 ივნისის ბრძანება №1218 - ვებგვერდი, 19.06.2026 წ.

