1.საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსასრულებლად მიღებისას პრობაციის ოფიცერი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესაბამის ორგანოს უგზავნის მოთხოვნას საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახისა და მსჯავრდებულის სამუშაო ადგილის განსაზღვრის შესახებ. მოთხოვნაში მითითებული უნდა იყოს სასამართლოს მიერ განსაზღვრული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მთლიანი ვადა და სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ასეთი სახის შრომის ყოველდღიური ხანგრძლივობა.
2.საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეიძლება განხორციელდეს დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მსჯავრდებულის თავისუფალი დროის გათვალისწინებით.
3.ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში წერილობით აცნობოს პრობაციის ოფიცერს საზოგადოებისათვის სასარგებლო სამუშაოს სახის, მისი ხანგრძლივობისა და მსჯავრდებულის სამუშაო ადგილის შესახებ. ცნობაში მითითებული უნდა იყოს სამუშაოს მიმცემის დასახელება და მისამართი.
4.თუ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოს მიერ შეთავაზებული სამუშაოს ხანგრძლივობა სასამართლოს მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისათვის განსაზღვრულ ვადაზე ნაკლებია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო ვალდებულია შეთავაზებული სამუშაოს ვადის გასვლამდე განსაზღვროს და აცნობოს პრობაციის ოფიცერს მსჯავრდებულის ახალი სამუშაო ადგილი.
5.მსჯავრდებულს თავისი სურვილით, სათანადო პირობების არსებობის შემთხვევაში, უფლება აქვს საზოგადოებისათვის სასარგებლოდ იმუშაოს დასვენების დღეებში.
6.მსჯავრდებულის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხანგრძლივობის, შესრულებული სამუშაოს მოცულობის აღრიცხვას ახორციელებს და შესაბამის ჩანაწერებს აწარმოებს სამუშაოს მიმცემი. პრობაციის ოფიცერი, მსჯავრდებულისათვის დაკისრებული სასჯელის ამ სახის ვადის შესაბამისად, პერიოდულად აკონტროლებს სამუშაოს მიმცემის ჩანაწერების სისწორეს და მონაცემები სამუშაოს შესრულების შესახებ შეაქვს ოქმში.
7.თუ მსჯავრდებული უარს აცხადებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომაზე ან ჯიუტად თავს არიდებს მას, პრობაციის ბიუროს უფროსი ამ კანონით დადგენილი წესით მიმართავს სასამართლოს წარდგინებით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სასჯელის სხვა სახით შეცვლის შესახებ. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი № 2157 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.82

