1.ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილია 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე, რისთვისაც მან კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას. ამომრჩევლის მიერ საარჩევნო უბნის შეცვლის მიზნით: ა) საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციაში გაატარებს და ხელმოწერით დაადასტურებს ამომრჩევლის წერილობით განცხადებას (ამ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი) ან სატელეფონო შეტყობინებით მიღებულ ზეპირ განცხადებას (ამ შემთხვევაში მიეთითება ამომრჩევლის პირადი ნომერი, სატელეფონო შეტყობინების ზუსტი დრო და შესაბამისი ტელეფონის ნომერი); ბ) ამომრჩევლის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიისთვის მიმართვის შემთხვევაში შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას ეცნობება ამ საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანის შესახებ. ამომრჩევლის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისთვის მიმართვის შემთხვევაში ამ ამომრჩევლის შესახებ ინფორმაციას საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას; გ) ამომრჩეველთა ერთიან სიაში აღინიშნება ამომრჩევლის იმავე ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში გადაყვანა, აგრეთვე ამომრჩეველთა ერთიან სიასა და ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში, „ფაქტობრივი მდგომარეობის“ გრაფაში კეთდება ჩანაწერი „ეტლით მოსარგებლეა“, რომელიც დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და ამავე კომისიის მდივნის ხელმოწერებით.
2.საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს უფლება აქვთ, გადაამოწმონ ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველთა მიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის მოთხოვნის საფუძვლიანობა და არჩევნების დღემდე ნებისმიერ დროს საუბნო საარჩევნო კომისიის წინაშე დასვან ამ ამომრჩევლების შესაბამის სპეციალურ სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის საკითხი. აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ამ მუხლით დადგენილ ვადაში იღებს საოლქო საარჩევნო კომისია.
3.საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული, აგრეთვე საკუთარი მონაცემების საფუძველზე კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს ადაპტირებული საარჩევნო უბნების ამომრჩეველთა სპეციალურ სიას და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას დაუყოვნებლივ გადასცემს ამავე კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის მიერ ხელმოწერილ ამ სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას, ხოლო კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა − საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილ ვერსიას.
4.ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში, და დამატებით აღინიშნება ამ ამომრჩევლის რიგითი ნომერი ამომრჩეველთა ერთიან სიაში.
5.ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალური სიის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისთვის გადაცემული საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (ფოტოსურათების გარეშე) დაუყოვნებლივ გამოიკვრება საუბნო საარჩევნო კომისიის (კენჭისყრის) შენობაში თვალსაჩინო ადგილას.
6.სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, მუნიციპალიტეტის ორგანოები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები (გარდა წევრობაზე დაფუძნებული და რელიგიური გაერთიანებებისა) და სახელმწიფოს და მუნიციპალიტეტის ორგანოების 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ორგანიზაციები ვალდებული არიან ადაპტირებული საარჩევნო უბნების შესახებ ინფორმაცია 2021 წლის 1 სექტემბრამდე მიაწოდონ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას. საქართველოს 2021 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №703 – ვებგვერდი, 29.06.2021წ.

