არჩევნებში ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის მონაწილეობის წესი 1. ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილია უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე, რისთვისაც მან კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას/საუბნო საარჩევნო კომისიას. ამომრჩევლის მიერ საარჩევნო უბნის შეცვლის მიზნით: ა) საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი/საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციაში გაატარებს და ხელმოწერით დაადასტურებს ამომრჩევლის წერილობით განცხადებას (ამ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი) ან სატელეფონო შეტყობინებით მიღებულ ზეპირ განცხადებას (ამ შემთხვევაში მიეთითება ამომრჩევლის პირადი ნომერი, სატელეფონო შეტყობინების ზუსტი დრო და შესაბამისი ტელეფონის ნომერი); ბ) ამომრჩევლის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიისთვის მიმართვის შემთხვევაში შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას ეცნობება ამ საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანის შესახებ. ამომრჩევლის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისთვის მიმართვის შემთხვევაში ამ ამომრჩევლის შესახებ ინფორმაციას საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას; გ) ამომრჩეველთა ერთიან სიაში აღინიშნება ამომრჩევლის იმავე საოლქო საარჩევნო კომისიის ტერიტორიაზე არსებული ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში გადაყვანა, აგრეთვე ამომრჩეველთა ერთიანი სიისა და ამომრჩეველთა სპეციალური სიის გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობა“ კეთდება ჩანაწერი „ეტლით მოსარგებლეა“, რომელიც დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერებით.
2.საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს უფლება აქვთ, გადაამოწმონ ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველთა მიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის მოთხოვნის საფუძვლიანობა და არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა საუბნო საარჩევნო კომისიის წინაშე დასვან ამ ამომრჩევლების ამომრჩეველთა შესაბამის სპეციალურ სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის საკითხი. აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ამ მუხლით დადგენილ ვადაში იღებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.
3.საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული მონაცემების, აგრეთვე საკუთარი მონაცემების საფუძველზე საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს ადაპტირებული საარჩევნო უბნების ამომრჩეველთა სპეციალურ სიას და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას დაუყოვნებლივ გადასცემს აღნიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის მიერ ხელმოწერილ ადაპტირებული საარჩევნო უბნების ამომრჩეველთა სპეციალური სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას, ხოლო კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა − საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილ ვერსიას.
4.ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში, და დამატებით აღინიშნება ამ ამომრჩევლის რიგითი ნომერი ამომრჩეველთა ერთიან სიაში.
5.საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისთვის გადაცემული ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალური სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (ფოტოსურათების გარეშე) დაუყოვნებლივ გამოიკვრება კენჭისყრის შენობაში (საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში) თვალსაჩინო ადგილას.
