1.კომიტეტის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წევრებისა და უმაღლესი საბჭოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში. კომიტეტების წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი და ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი.
2.კომიტეტის შემადგენლობაშია უმაღლესი საბჭოს არანაკლებ 5 წევრი. კომიტეტი მუშაობას შეუდგება, თუ დანიშნულია კომიტეტის წევრთა მინიმალური რაოდენობის სამი მეხუთედი და არჩეულია კომიტეტის თავმჯდომარე.
3.უმაღლესი საბჭოს წევრი ვალდებულია იყოს არანაკლებ 1 კომიტეტის შემადგენლობაში, ამასთანავე, არ შეიძლება იყოს გაწევრებული 2-ზე მეტ კომიტეტში. უმაღლესი საბჭოს წევრის მეორე კომიტეტში გაწევრების საკითხს წყვეტს მისი ფრაქცია, პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებით დადგენილი ადგილების რაოდენობის შესაბამისად.
4.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის (უმაღლესი საბჭოს) მიერ კომიტეტებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცებიდან 3 დღის ვადაში ფრაქცია თავისი გადაწყვეტილებით წარადგენს კომიტეტში წევრებს.
5.კომიტეტში წევრის წარდგენის შესახებ ფრაქციის გადაწყვეტილება ეცნობება უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს და უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს. უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამოწმებს ფრაქციის მიერ კომიტეტში წევრის წარდგენის სისწორეს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს შესაბამის რეაგირებას. ფრაქციის მიერ წარდგენილი წევრი კომიტეტში დანიშნულად ითვლება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ აღნიშნული ფაქტის ცნობად მიღების მომენტიდან.
6.უმაღლესი საბჭოს იმ წევრის კომიტეტში გაწევრება, რომელიც არ არის გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში, ხდება ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით, უმაღლესი საბჭოს წევრის პირადი განცხადების საფუძველზე.
7.უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს კომიტეტის შემადგენლობაში.
8.თუ ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს კომიტეტში ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი 1 კვირის ვადაში განსაზღვრავს და უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის უახლოეს სხდომაზე წარუდგენს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 5 მაისის რეგლამენტი №07 - ვებგვერდი, 06.05.2020 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 6 ოქტომბრის რეგლამენტი N18 - ვებგვერდი, 07.10.2021 წ.
