1.ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება არ აქვთ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია, ამასთან, უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს გაერთიანდეს მხოლოდ იმ ფრაქციაში, რომელიც შექმნილია მისი წარმდგენი პოლიტიკური პარტიის წევრთა გაერთიანებით.
2.ფრაქციის შექმნის უფლება აქვს უმაღლესი საბჭოს არანაკლებ 3 წევრს.
3.ფრაქციის შექმნის მსურველი უმაღლესი საბჭოს წევრები შეიმუშავებენ ფრაქციის პოლიტიკურ პლატფორმასა და წესდებას.
4.ფრაქციის წესდებით წესრიგდება ფრაქციის შიდაორგანიზაციული საკითხები.
5.ფრაქციის წესდებით უნდა განისაზღვროს ფრაქციის შექმნისა და მის შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელების წესი, ფრაქციის ხელმძღვანელი ორგანოების შექმნისა და თანამდებობის პირების არჩევის წესი და მათი კომპეტენცია, ფრაქციის წევრთა უფლებამოსილება, ფრაქციის მიზნები და ამოცანები, მისი სტრუქტურა, აგრეთვე წესდების გადასინჯვის პროცედურა.
6.ფრაქციის ხელმძღვანელი ორგანოების (სტრუქტურის) ცვლილების, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, ასევე, თანამდებობის პირების არჩევის, გადაყენების, გადადგომისა და ფრაქციის სადამფუძნებლო დოკუმენტებში ნებისმიერი შესწორების შეტანის შესახებ, შესაბამისი ფაქტის დადგომიდან 3 დღის ვადაში წერილობით ეცნობება უმაღლესი საბჭოს ბიუროს და საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს.
7.ფრაქციის ხელმძღვანელია ფრაქციის თავმჯდომარე. ფრაქციის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს ფრაქციის ყოველ 3 წევრზე არაუმეტეს ერთი მოადგილისა. თუ ფრაქციის თავმჯდომარეს ერთზე მეტი მოადგილე ჰყავს, ერთ-ერთ მათგანს შეიძლება მიენიჭოს ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილის სტატუსი. ფრაქციის თავმჯდომარის, ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილებანი და არჩევის, გადაყენებისა და გადადგომის წესები განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.
8.ფრაქცია შექმნილად ითვლება მასში გაერთიანებული უმაღლესი საბჭოს არანაკლებ 3 წევრის მიერ ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმისა და წესდების მიღების მომენტიდან.
9.ახალშექმნილი ფრაქციის რეგისტრაცია სავალდებულოა. რეგისტრაციამდე ახალშექმნილი ფრაქცია ახორციელებს რეგლამენტის 50-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 19 დეკემბრის რეგლამენტი №14-Iს - ვებგვერდი, 19.12.2024წ.
