მუხლი 20. პარტიული სიების წარდგენა
1. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოების არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში პარტიული სიების წარდგენის უფლება აქვთ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს არჩევნებამდე არა უგვიანეს 40 დღისა.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საკრებულოების არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ყოველ პარტიასა და საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას წარუდგინოს თითო პარტიული სია. პარტიულ სიებში კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს ამ კანონით დადგენილი წესით გათვალისწინებული მანდატების შესაბამის რაოდენობაზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს საარჩევნო ოლქში ასარჩევ საკრებულოს წევრთა ორმაგ ოდენობას.
3. პარტიულ სიაში შეიძლება შეტანილ იქნენ მხოლოდ ამ პარტიის წევრები ან ის პირები, რომლებიც არ არიან არჩევნებში მონაწილე სხვა პოლიტიკური პარტიების წევრები, ხოლო საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში – მხოლოდ ამ ბლოკში გაერთიანებული პარტიების წევრები ან ის პირები, რომლებიც არ არიან არჩევნებში მონაწილე სხვა პოლიტიკური პარტიების წევრები. დაუშვებელია ერთი და იმავე პიროვნების შეყვანა სხვადასხვა პარტიულ სიაში, გარდა ამ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შემთხვევებისა.
4. კანდიდატთა შერჩევისა და პარტიული სიების შედგენის წესებს განსაზღვრავენ თავად პარტიები და საარჩევნო ბლოკები. პარტიული სიის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ არჩევნების შედეგად პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატები ნაწილდება თანამიმდევრულად, სიის დასაწყისიდან, რიგის მიხედვით.
5. პარტიულ სიაში მითითებული უნდა იყოს თითოეული კანდიდატის გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, პროფესია და ძირითადი საქმიანობა, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილი, პარტიულობა. პარტიული სია დამოწმებული უნდა იყოს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის ან შესაბამისი რეგიონალური ორგანოს ხელმძღვანელის, ხოლო საარჩევნო ბლოკის პარტიული სია – ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის ან შესაბამისი რეგიონალური ორგანოს ხელმძღვანელთა ხელმოწერით.
