1.თუ არსებობს საკმაო საფუძველი ან/და ადგილზე შემოწმების შედეგებმა დაადასტურა ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტი, უფლებამოსილი პირი ჩამოაშორებს სამართალდამრღვევ მძღოლს სატრანსპორტო საშუალების მართვას.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება მძღოლის (სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე) თანხმობით სამართავად შეიძლება გადაეცეს ფხიზელ მდგომარეობაში მყოფ იმ პირს, რომელსაც გააჩნია სატრანსპორტო საშუალების მართვის შესაბამისი კატეგორიის მოწმობა.
3.ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობის შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფ პირს არ გააჩნია სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტი, უფლებამოსილ პირს ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მძღოლის სატრანსპორტო საშუალება გადაჰყავს სპეციალურ დაცულ სადგომზე.
4.ამ მუხლის მე–3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლებამოსილ პირს ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მძღოლი გადაჰყავს მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის უსაფრთხო ადგილზე.
