1.საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო ყველა დოკუმენტი უნდა იქნეს წარდგენილი განცხადებასთან ერთად. სააგენტო უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, დამატებით მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც ასაბუთებენ ამ წესით გათვალისწინებულ ცალკეულ ფაქტებსა და გარემოებებს (საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის). უცხოელს, ასევე, შეუძლია სააგენტოში საკითხის განხილვის პროცესში, თავისი ინიციატივით, წარადგინოს საკითხის განხილვისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტები.
2.(ამოღებულია - 11.05.2021, №209).
3.საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად და ამ ნებართვის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად განცხადებების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოსთვის საჭირო დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 30 დღეს, გარდა საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი განცხადების განხილვისა, რომელსაც სააგენტო 90 კალენდარული დღის ვადაში განიხილავს.
4.თუ განმცხადებელი აღარ არის დაინტერესებული საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხით, იგი უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ სტადიაზე მიმართოს სააგენტოს და მოითხოვოს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა.
5.საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად სააგენტო უფლებამოსილია, სახელმწიფო ორგანოებისგან, ფიზიკური და იურიდიული პირებისგან, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებითა და მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაციას თუ აღნიშნული ვადა საკმარისი არ არის წერილობითი ინფორმაციის გასაცემად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები ამის თაობაზე აცნობებენ სააგენტოს, რის შემდეგაც მათ მიეცემათ დამატებით 2-დღიანი ვადა. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ აღნიშნულ ვადებში სააგენტოსათვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში ჩაითვლება, რომ არ არსებობს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები (გარდა კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლისა) და სააგენტო ვალდებულია, საკითხის განხილვა კანონით განსაზღვრულ ვადაში დაასრულოს. 5 1 . საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო ვალდებულია, კანონის 48-ე მუხლის მე-7 პუნქტის გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები მიმართვის მიღებიდან 3 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაციას. თუ აღნიშნული ვადა წერილობითი ინფორმაციის გასაცემად საკმარისი არ არის, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები ამის შესახებ აცნობებენ სააგენტოს, რის შემდეგაც მათ მიეცემათ დამატებით 2-დღიანი ვადა და გაგრძელდება საქართველოდან გასვლის ვალდებულების საქმისწარმოების ვადა. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების მიერ აღნიშნულ ვადებში სააგენტოსათვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში ჩაითვლება, რომ არ არსებობს საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებაზე უარის თქმის საფუძვლები და სააგენტო ვალდებულია, საკითხის განხილვა კანონით განსაზღვრულ ვადაში დაასრულოს.
6.კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები არ მოწმდება: ა) საქართველოს მთავრობის წევრის წერილობითი ინიციატივის საფუძველზე სპეციალური ბინადრობის ნებართვის გაცემისას; ბ) იმ უცხოელზე სპეციალური ბინადრობის ნებართვის გაცემისას, რომლის შესახებაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შეიძლება იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი ან დაზარალებული „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში; გ) კანონის მე-15 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შემთხვევაში.
7.უცხოელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და მოპოვებული მასალის საფუძველზე, სააგენტოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე.
7¹.საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი განცხადების განხილვის ფარგლებში, კანონის 16 1 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, იმავე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გამოძიების დაწყებისას, საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის მისაღებად განცხადების განხილვის ვადა ჩერდება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე ან გამოძიების შეწყვეტამდე.
8.უცხოელზე, რომელმაც მიიღო საქართველოში ბინადრობის ნებართვა, სააგენტო გასცემს შესაბამის ბინადრობის მოწმობას, რომლის ფორმას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
9.უცხოელს, რომელსაც უარი ეთქვა საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე, უფლება აქვს, იმავე საფუძვლით, განმეორებით, წარადგინოს განცხადება პირველ განცხადებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არანაკლებ ერთი თვის შემდეგ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 11 მაისის დადგენილება №209 – ვებგვერდი, 11.05.2021წ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №389 - ვებგვერდი, 29.08.2025წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №416 - ვებგვერდი, 27.08.2026წ.

