1.„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედების დღიდან ლიკვიდირებულია „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ადგილობრივი მმართველობის ორგანო და რაიონის შემადგენლობაში შემავალი თვითმმართველი ერთეული.
2.„ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული რაიონის, იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, გამგებელი (მერი) ან მისი მოვალეობის შემსრულებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს სალიკვიდაციო აქტებს და ახორციელებს „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისა და რაიონის შემადგენლობაში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების სხვა სალიკვიდაციო ღონისძიებებს 2006 წლის 15 დეკემბრამდე.
3.„ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ადგილობრივი მმართველობის ორგანოს და რაიონის შემადგენლობაში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის სალიკვიდაციო ღონისძიებებს 2006 წლის 15 დეკემბრიდან ახორციელებს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული საკრებულოს თავმჯდომარე.
4.„ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული რაიონის, იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, და თვითმმართველი ერთეულის 2006 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დადგენილი უფლებები და ვალდებულებები გადაეცემა შესაბამის თვითმმართველ ერთეულს.
5.საქართველოს მთავრობამ 2007 წლის 1 იანვრამდე მთავრობის დადგენილებით განსაზღვროს „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ წარმოქმნილი დავალიანებების რესტრუქტურიზაციისა და მმართველობის ორგანოების მიერ წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვის წესი.
6.„ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობები მათზე დამაგრებული მიწით „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ხელშეკრულების გარეშე საკუთრებაში გადაეცეს შესაბამის თვითმმართველ ერთეულს.
6¹.2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ბალანსზე რიცხული მოძრავი ნივთები არის შესაბამისი თვითმმართველი ერთეულების საკუთრება.
6².ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების ან/და თვითმმართველობის 100%-იანი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობები ან/და მათი ნაწილები, რომლებზედაც საჯარო რეესტრში არ არის დარეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრების უფლება, მათზე დამაგრებული მიწით.
6³.ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად საჯარო რეესტრში საქართველოს მთავრობის თანხმობის საფუძველზე დარეგისტრირდეს ის საერთო საცხოვრებლები, რომლებიც აღრიცხულია ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში, როგორც საერთო საცხოვრებელი, აგრეთვე იმ საერთო საცხოვრებლების შენობა-ნაგებობები ან/და მათი ნაწილები, რომლებზედაც საჯარო რეესტრში არ არის დარეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრების უფლება.
7.სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მეთოდური დახმარება დაევალოს საქართველოს ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროებს. სალიკვიდაციო ღონისძიებების კოორდინაცია ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში განახორციელონ შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა.
8.2007 წლის 1 იანვრამდე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ნორმატიული აქტების რეგისტრაციის 5-დღიანი ვადა შეიცვალოს 20-დღიანით. საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის ორგანული კანონი №3680 - სსმ I, №43, 13.11.2006 წ., მუხ.288 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის ორგანული კანონი №5296 - სსმ I, №31, 03.08.2007 წ., მუხ.347 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის ორგანული კანონი №2479 - სსმ I, №50, 31.12.2009 წ., მუხ.384

