1.ბაზარზე განთავსებული რძე, რძის ნაწარმი და რძის შემცველი პროდუქტები, წარმოებაში გამოყენებული რძისათვის არადამახასიათებელი ინგრედიენტები (არარძისმიერი ინგრედიენტები) უნდა აკმაყოფილებდნენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უვნებლობის მოთხოვნებს.
2.რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტების წარმოებისათვის ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საკვებდანამატების გამოყენება.
3.რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტის მოთხოვნებს.
4.რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის შემადგენლობა, წარმოებისათვის ნებადართული ნედლეული, დაშვებული ინგრედიენტები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) მშრალ მოუხდელ რძეში (მოუხდელი რძის ფხვნილი) - რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 26% და არაუმეტეს 42%-მდეა, მშრალი ნივთიერების მასური წილი არანაკლებ 95%-ს შეადგენს, ხოლო მშრალ გაუცხიმოებულ რძის ნაშთში ცილის მასური წილი არანაკლებ 34%-ია; ბ) მშრალ მოხდილ რძეში (გაუცხიმოებული რძის ფხვნილი) მშრალი ნივთიერებების მასური წილი არაუმცირეს 95%-ია, გაუცხიმოებულ რძის მშრალ ნაშთში ცილის მასური წილი არაუმცირეს 34%-ს შეადგენს, ხოლო ცხიმის მასური წილი არაუმეტეს 1,5%-ია; გ) ნაწილობრივ მოხდილ მშრალ რძეში (ნაწილობრივ გაუცხიმოებული რძის ფხვნილი) - რძის მშრალი ნივთიერებების მასური წილი არაუმცირეს 95%-ია, გაუცხიმოებულ რძის მშრალ ნაშთში ცილის მასური წილი არაუმცირეს 34%-ს შეადგენს, ხოლო ცხიმის მასური წილი არანაკლებ 1,5% და არაუმეტეს 26%-ია; დ) დაშვებულია, მშრალ რძეში (რძის ფხვნილი) და მშრალ ნაღებში, მცენარეული ცხიმისა და მოხდილ (გაუცხიმოებული) შესქელებულ რძის ნარევში, მცენარეული ცხიმის და მოხდილი (გაუცხიმოებული) რძის მშრალ ნარევში (ფხვნილი), მცენარეული ცხიმისა და მოხდილი (გაუცხიმოებული) შესქელებული შაქრიანი რძის ნარევში და შესქელებულ რძეში, რძის ცილის შემცველობის რეგულირების მიზნით, გამოყენებულ ნედლეულში - რძის რეტენტატში, რძის პერმეატსა და ლაქტოზაში ცილის ნორმალიზაცია; ე) ყველის წარმოება დასაშვებია მოუხდელი, მოხდილი (გაუცხიმოებული), ნაწილობრივ მოხდილი (ნაწილობრივ გაუცხიმოებული) რძის, რძის ნაწარმის - ნაღების, შრატის, ნაღების შრატის ან მათი ნებისმიერი კომბინაციით ცილების სრული ან ნაწილობრივი კოაგულაციით, დვრიტას შემადედებელი ფერმენტების ან/და კოაგულაციის ეფექტის მქონე სხვა აგენტ(ებ)ის მოქმედებით, შედედებული მასიდან შრატის მოცილებით (დაწნეხით), რომელშიც რძის ცილების (კაზეინის) შემცველობა გაცილებით მეტია, ვიდრე გამოყენებულ ნედლეულში. ყველის წარმოების ძირთადი ნებადართული ინგრედიენტებია რძემჟავის, არომატწარმომქმნელი და სხვა უვნებელ მიკრობთა კულტურები, ან/და შესაბამისი უვნებელი ფერმენტული პრეპერატები, სუფრის მარილი (ნატრიუმის ქლორიდი) და წყალი ; ვ) მოუმწიფებელი ყველის წარმოებისათვის, გარდა ყველის წარმოებისათვის ნებადართული ინგრედიენტებისა, დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სუნელ-სანელებლების, ძმარმჟავას, ასევე, ჟელატინის, სახამებელის (ბრინჯის, მარცვლოვნების, კარტოფილის და სხვ.), როგორც სტაბილიზატორის/შემასქელებელის ფუნქციურად აუცილებელი რაოდენობის დამატება დეკლარირებული სტანდარტის შესაბამისად; ზ) წათხის ყველის ცალკეული სახეობების წარმოებისათვის, გარდა ყველის წარმოებისათვის განკუთვნილი ინგრედიენტებისა, დასაშვებია გამოყენებული იქნეს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ის სუნელ-სანელებლები, რომლებიც წათხის ყველს სპეციფიკურ გემოს აძლევს; თ) წათხის რბილ ყველში მშრალი ნივთიერების შემცველობა არაუმცირეს 40%-ია, მშრალ ნივთიერებაში ცხიმის შემცველობა არაუმცირეს 40%-ს შეადგენს, წათხის ნახევრადრბილ ყველში მშრალი ნივთიერება არაუმცირეს 52%-ია, მშრალ ნივთიერებაში ცხიმის შემცველობა არაუმცირეს 40%-ს შეადგენს; ი) შრატის ყველის ნედლეულად, თუ იგი მიღებულია შრატის კონცენტრირებით, გამოიყენება შრატი, ნაღები, რძე და რძისგან მიღებული სხვა ნედლეული. ნებადართულია ნატრიუმის ქლორიდის, რძემჟავას პროდუცენტი მიკროორგანიზმების და შაქრის გამოყენება. ლაქტოზის შედარებით მაღალი შემცველობის გამო, ყველს აქვს მოყვითალო-მოყავისფერო შეფერილობა და მოტკბო გემო; კ) შრატის ყველის ნედლეულად, თუ იგი მიღებულია შრატის კოაგულაციით მაღალ ტემპერატურაზე, მჟავას დამატებით ან მჟავას დამატების გარეშე, გამოყენებულ უნდა იქნეს შრატი, რძე, ნაღები და დო. ნებადართულია, ნატიუმის ქლორიდის, რძემჟავას პროდუცენტი მიკროორგანიზმების გამოყენება. შრატის ყველი შეიცავს მცირე რაოდენობით ლაქტოზას და აქვს თეთრი ან მოყვითალო შეფერილობა; ლ ) მდნარი ყველის, პასტისებური მდნარი ყველის წარმოებისათვის ნებადართულია, გამოყენებულ იქნეს ნაღები, კარაქი, რძის ცხიმი კონცენტრირებული, რძის სხვა ნაწარმი, რომელშიც ლაქტოზის შემცველობა არაუმეტეს 5%-ს შეადგენს, სუფრის მარილი, ძმარმჟავა, მცენარეული წარმოშობის სუნელ-სანელებლები, რომლებიც აუცილებელია პროდუქტისთვის დამახასიათებელი თვისებების მისაცემად. გარდა შაქრისა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვა მზა პროდუქტები, იმის გათვალისწინებით, რომ მათი რაოდენობა მზა პროდუქტის მშრალ ნივთიერებაში არ აღემატება 1/6-ს, ასევე, უვნებელი მიკროორგანიზმები და ფერმენტები; მ) მდნარი ყველის, პასტისებური მდნარი ყველის ცხიმშემცველობა მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით, შეიძლება იცვლებოდეს 7%-დან 65%-მდე, მდნარ ყველში მშრალი ნივთიერების მასური წილი - 32%-დან 53%-მდეა, ხოლო პასტისებურ მდნარ ყველში - 29%-დან 45%-მდე; ნ) მდნარი ყველის ნაწარმის/მდნარი ყველის სპრედის წარმოებისას, დასაშვებია, გამოყენებულ იქნეს ნაღები, კარაქი, რძის ცხიმი კონცენტრირებული, რძის სხვა ნაწარმი, რომელშიც ლაქტოზის შემცველობა არაუმეტეს 5%-ს შეადგენს, სუფრის მარილი, ძმარმჟავა, შაქარი (ან სხვა შაქრისშემცვლელი), მცენარეული წარმოშობის სუნელ-სანელებლები, რომლებიც აუცილებელია პროდუქტისთვის დამახასიათებელი თვისებების მისაღებად. შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს გემოსა და არომატის მიმცემი სხვა მზა პროდუქტები იმის გათვალისწინებით, რომ მათი რაოდენობა მზა პროდუქტის მშრალ ნივთიერებაში არ აღემატება 1/6-ს, ასევე უვნებელი მიკროორგანიზმები და ფერმენტები; ო) მდნარი ყველის ნაწარმის/მდნარი ყველის სპრედის ცხიმშემცველობა მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით შეიძლება იცვლებოდეს 7%-დან 65%-მდე, მშრალი ნივთიერების მასური წილი 29%-დან 45%-მდე; პ) რძის ცხიმის სპრედის წარმოებისას ნედლეულად დაშვებულია რძის, ან რძის ნაწარმის გამოყენება. დაუშვებელია პროდუქტის წარმოებაში მცენარეული ცხიმის ან სხვა ცხიმის გამოყენება, გარდა რძის ცხიმისა, ამასთანავე, რძისათვის არადამახასიათებელი კომპონენტების დამატება არ უნდა ხდებოდეს რძის შემადგენელი კომპონენტების ჩანაცვლების მიზნით. ნედლეული გამოყენებამდე შესაძლებელია დაექვემდაბაროს წინასწარ ტექნოლოგიურ გადამუშავებას (მაგ. ფიზიკური მოდიფიკაცია, მათ შორის, ფრაქციებად დაყოფა). ჟ) რძის ცხიმის სპრედის წარმოებისას, გარდა ძირითადი ნედლეულისა, წარმოებაში ნებადართულია გამოყენებულ იქნეს: საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი არომატიზატორები და გემოს გამაძლიერებლები, ვიტამინები, დამხმარე ტექნოლოგიური საშუალებები, სუფრის მარილი (NaCl) ან კალიუმის ქლორიდი (KCl), როგორც სუფრის მარილის შემცვლელი, შაქარი ან შაქრის შემცვლელი სხვა ნახშირწყალი, ინულინი და მალტოდექსტრინები, წყალი, რძემჟავის, არომატის პროდუცენტი და სხვა უვნებელ მიკრობთა კულტურებისგან მომზადებული დედო, ასევე, ჟელატინი და სახამებელი, რომელთა დამატება ხდება ფუნქციონალურად აუცილებელი ოდენობით, დეკლარირებული სტანდარტის შესაბამისად; რ) თუ რძის ცხიმის სპრედში რძის ცხიმის შემცველობა 70%-ზე ნაკლებია და წარმოებაში გამოყენებულია მცენარეული წარმოშობის ემულგატორები, დასაშვებია, მცენარეული ცხიმის შემცველობა კვალის სახით; ს) რძის ცხიმის სპრედში რძის ცხიმის შემცველობა უნდა იყოს არანაკლებ 10% - და არ აუმეტეს 80% და უნდა შეადგენდეს პროდუქტის მშრალი ნივთიერების არანაკლებ 2/3-ს. რძის ცხიმის სპრედში რძის ცხიმის შემცველობა, სპრედის სახეობის მიხედვით შეიძლება იყოს: ან არაუმეტეს 39%, ან არანაკლებ 41% და არაუმეტეს 60%, ან არანაკლებ 62% და არაუმეტეს 80%; ტ) კარაქში რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია, წყლის შემცველობა არაუმეტეს 16%, ხოლო გაუცხიმოებული (მოხდილი) რძის მშრალი ნაშთის შემცველობა არაუმეტეს 2%-ს შეადგენს. კარაქს შესაძლებელია დამატებული ჰქონდეს მცირე რაოდენობით სანელებლები, მწვანილი, არომატული ნივთიერებები და სხვ. იმ პირობით, რომ შენარჩუნებული იქნება კარაქის მახასიათებლები; უ) კარაქი შემცირებული რძის ცხიმით – უნდა შეიცავდეს არანაკლებ 39% და არა უმეტეს 79% რძის ცხიმს. დაუშვებელია პროდუქტის წარმოებაში მცენარეული ან სხვა ცხიმის გამოყენება. ამასთანავე, რძისათვის არადამახასიათებელი კომპონენტ(ებ)ის დამატება არ უნდა ხდებოდეს რძის შემადგენელი კომპონენტ(ებ)ის ჩანაცვლების მიზნით; ფ) რძის ცხიმის, ერბო/გაუწყლოებულ რძის ცხიმის ნედლეულად გამოყენებულ უნდა იქნეს რძე ან/და რძის ნაწარმი, ასევე, ნებადართულია, ინგრედიენტად კვეთის (დვრიტას) გამოყენება, რომელიც შეიცავს რძემჟავის პროდუცენტი მიკროორგანიზმების კულტურებს; ქ) რძის ცხიმში რძის ცხიმის მასური წილი არანაკლებ 99,6 %-ს შეადგენს, ერბო/გაუწყლოებულ რძის ცხიმში რძის ცხიმის მასური წილი არანაკლებ 99, 8%-ია, ხოლო წყლის შემცველობა არაუმეტეს 1%; ღ) დაშვებულია რძის ცხიმის, ერბო/გაუწყლოებულ რძის ცხიმისათვის განკუთვნილი ტარის დამუშავება ინერტული გაზით პროდუქტის ტარაში მოთავსებამდე, მოთავსებისას და მოთავსების შემდეგ; ყ) ყველა სახეობის ნაღების წარმოებისათვის ნედლეულად ნებადართულია გამოყენებულ იქნეს რძე, რომელიც ტექნოლოგიური პროცესის დაწყებამდე დაექვემდებარა ფიზიკურ დამუშავებას. აღდგენილი და რეკომბინირებული ნაღებისათვის დამატებით დაშვებულია ნაღების კარაქის, რძის ცხიმის პროდუქტების, მშრალი რძის, მშრალი ნაღების, სასმელი წყლის გამოყენება, ხოლო ნაღებში, რომელიც ექვემდებარება დამატებით ტექნოლოგიურ გადამუშავებას, ნებადართულია დოს გამოყენება; შ) ნაღების იმ პროდუქტებისათვის, რომლის წარმოებაში ფუნქციურად აუცილებელია სტაბილიზატორის ან/და შემასქელებლის დამატება, დეკლარირებული სტანდარტის შესაბამისად, დაშვებულია შემდეგი ინგრედიენტების გამოყენება: შ.ა) პროდუქტები, რომლებიც მიიღება უშუალოდ რძისგან ან შრატისგან, რომლებიც შეიცავენ 35%-ს, ან 35%-ზე მეტ რძის ცილას (მათ შორის კაზეინი, შრატის ცილის პროდუქტები, კონცენტრატები და ნებისმიერი მათი კომბინაცია), ასევე, მშრალი რძე. ამ პროდუქტების გამოყენება სტაბილიზიტორებად ან შემასქელებლად ხდება ფუნქციურად აუცილებელი რაოდენობით, იმ პირობით, რომ მათი რაოდენობა არ აღემატება 20 გ/კგ-ს; შ.ბ) ჟელატინი ან სახამებელი; შ.გ) შედედებული ნაღებისათვის ნებადართულია რძემჟავას პროდუცენტი (წარმომქმნელი) მიკროროგანიზმების დედოს დამატება; შ.დ) შემჟავებული და ფერმენტირებული/რძემჟავა ნაღებისათვის ნებადართულია დვრიტას ან სხვა უვნებელი, კოაგულაციის ეფექტის მქონე ფერმენტების გამოყენება, რომლებიც აუმჯობესებენ სტრუქტურას (ტექსტურას) ფერმენტული კოაგულაციის გარეშე, ასევე, ნატრიუმის ქლორიდი; ჩ) შესქელებული რძის წარმოებისათვის დაშვებულია რძის, მშრალი რძის, ნაღების, მშრალი ნაღების, რძის ცხიმის პროდუქტის გამოყენება; შესქელებული რძის წარმოებისათვის ნებადართული ინგრედიენტებია - სასმელი წყალი და ნატრიუმის ქლორიდი, ხოლო, შესქელებული შაქრიანი რძისათვის - სასმელი წყალი, ნატრიუმის ქლორიდი და შაქარი (საქაროზა ან სხვა შაქრების კომბინაცია); ც) შესქელებულ მოუხდელ რძეში მშრალი ნივთიერებების მასური წილი არაუმცირეს 25%- ს შეადგენს, რძის ცხიმგამოცლილ მშრალ ნაშთში ცილის მასური წილი - არაუმცირეს 34 %-ია, ხოლო რძის ცხიმის მასური წილი - არაუმცირეს 7,5%; ძ) შესქელებულ მოხდილ რძეში მშრალი ნივთიერებების მასური წილი არა ნაკლებ 20 %-ია, მშრალ ცხიმგამოცლილ რძის ნაშთში ცილის მასური წილი - არანაკლებ 34%, ხოლო რძის ცხიმის მასური წილი - არაუმეტეს 1%-ს შეადგენს; წ) ნაწილობრივ შესქელებული რძის წარმოებისათვის ნედლეულად, დაშვებულია, გამოყენებულ იქნეს მოხდილი ან ნაწილობრივ მოხდილი რძე, შაქარი, შესაძლებელია, დამატებულ იქნეს ნაღები ან მშრალი რძე, ან ორივე ერთად იმ პირობით, რომ მზა პროდუქტში მშრალი ნივთიერების მასური წილი არ აღემატება 25%-ს; ჭ) ნაწილობრივ მოხდილ შესქელებულ რძეში მშრალი ნივთიერებების მასური წილი არაუმცირეს 20 %-ია, მშრალ ცხიმგამოცლილ რძის ნაშთში ცილის მასური წილი - არანაკლებ 34 %-ს შეადგენს, ხოლო, რძის ცხიმის მასური წილი -არანაკლებ 1% და არაუმეტეს 7,5 %-ია; ხ) შესქელებული რძე მაღალი ცხიმშემცველობის - რძის ცხიმის მასური წილი არანაკლებ 15%-ია, მშრალი გაუცხიმოებული რძის ნაშთის მასური წილი არანაკლებ 11,5%-ია, მშრალ გაუცხიმოებულ რძის ნაშთში ცილის მასური წილი - არანაკლებ 34 %-ს შეადგენს; ჯ) შესქელებულ მოუხდელ რძეში შაქრით მშრალი ნივთიერებების მასური წილი არაუმცირეს 28%- ს შეადგენს, რძის გაუცხიმოებულ მშრალ ნაშთში ცილის მასური წილი - არაუმცირეს 34%-ია, ხოლო რძის ცხიმის მასური წილი - არაუმცირეს 8%-ია; ჰ) შესქელებულ მოხდილ (გაუცხიმოებული) რძეში შაქრით რძის მშრალი ნივთიერებების მასური წილი არანაკლებ 24%-ია, მშრალ გაუცხიმოებულ ნაშთში ცილის მასური წილი - არანაკლებ 34 %-ს, ხოლო რძის ცხიმის მასური წილი - არაუმეტეს 1%-ს შეადგენს; ჰ 1 ) ნაწილობრივ მოხდილ (გაუცხიმოებული) შესქელებულ რძეში შაქრით - რძის ცხიმის მასური წილი -არანაკლებ 1% და არაუმეტეს 8%-ია, მშრალი გაუცხიმოებული რძის ნაშთის მასური წილი არანაკლებ 20%-ია, მშრალ გაუცხიმოებულ რძის ნაშთში ცილის მასური წილი - არანაკლებ 34 %-ს შეადგენს, მშრალი ნივთიერების მასური წილი არანაკლებ 24%-ია; ჰ 2 ) შესქელებულ რძეში შაქრით, მაღალი ცხიმშემცველობით, რძის ცხიმის მასური წილი - არანაკლებ 16%-ია, მშრალი გაუცხიმოებული რძის ნაშთის მასური წილი არანაკლებ 14%-ია, მშრალ გაუცხიმოებულ რძის ნაშთში ცილის მასური წილი - არანაკლებ 34 %-ს შეადგენს; ჰ 3 ) მოუმწიფებელი ყველის წარმოებაში დასაშვებია, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სუნელ-სანელებლების, ძმარმჟავას, ასევე, ჟელატინის, სახამებელის (ბრინჯის, მარცვლოვნების, კარტოფილის და სხვ.), როგორც სტაბილიზატორის/შემასქელებელის ფუნქციურად აუცილებელი რაოდენობის დამატება, დეკლარირებული სტანდარტის შესაბამისად; ჰ 4 ) შრატის ფხვნილის (შრატი მშრალი), შრატის, შემჟავებული შრატის წარმოებისათვის ნებადართულია, შრატის და შემჟავებული შრატის გამოყენება; ჰ 5 ) შრატის ფხვნილში რძის ცილის შემცველობა არანაკლებ 10%-ს შეადგენს, რძის ცხიმის შემცველობა საშუალოდ 2%-ია, ლაქტოზა საშუალოდ 61%-ია, სინესტის მასური წილი შეადგენს არაუმეტეს 5%-ს, ნაცრის ელემენტები – 9,5%-ს, ხოლო მჟავიანობა (pH) აღემატება 5,1 - ს; ჰ 6 ) შემჟავებულ შრატის ფხვნილში რძის ცილის შემცველობა არანაკლებ 7%-ს შეადგენს, რძის ცხიმის შემცველობა საშუალოდ 2%-ია, ლაქტოზა საშუალოდ - 61%, სინესტის მასური წილი – 4,5%, ნაცრის ელემენტები – 15%, ხოლო მჟავიანობა – (pH) ≥ 5,1-ზე; ჰ 7 ) სასურსათო კაზეინის, სასურსათო მჟავე კაზეინის, დვრიტას/კვეთის კაზეინისა და სასურსათო კაზეინატის ძირითადი ნედლეულია გაუცხიმოებული რძე და/ან რძის სხვა ნაწარმი. წარმოებისათვის ნებადართულია სხვა ინგრედიენტების - რძემჟავის წარმომქმნელი ბაქტერიული კულტურების, დვრიტას/კვეთის ან სხვა კოაგულაციის უნარის მქონე ფერმენტების, ასევე სასმელი წყლის გამოყენება; ჰ 8 ) დვრიტას კაზეინში ცილის მასური წილი, მშრალ ნივთიერებაში, უნდა შეადგენდეს არანაკლებ 84%-ს, რძის ცილის ფრაქციაში კაზეინის მასური წილი არანაკლებ 95%-ს, წყლის შემცველობა არაუმეტეს 12%-ს შეადგენს, რძის ცხიმის მასური წილი არაუმეტეს 2%-ია, ნაცრის ელემენტები (მათ შორის P 2 O 5 ) არანაკლებ 7,5%, ლაქტოზის შემცველობა არ უმეტეს 1%-ია; ჰ 9 ) მჟავე სასურსათო კაზეინში ცილის მასური წილი, მშრალ ნივთიერებაში, უნდა შეადგენდეს არანაკლებ 90%-ს, რძის ცილის ფრაქციაში კაზეინის მასური წილი არანაკლებ 95%, წყლის შემცველობა არაუმეტეს 12%, რძის ცხიმის მასური წილი არაუმეტეს 2%-ია, ნაცრის ელემენტები (მათ შორის, P 2 O 5 ) არაუმეტეს 2,5%-ს შეადგენს, ხოლო ლაქტოზის შემცველობა არაუმეტეს 1%-ია; ჰ 10 ) კაზეინატში ცილის მასური წილი, მშრალ ნივთიერებაში, უნდა შეადგენდეს არანაკლებ 88%-ს, რძის ცილის ფრაქციაში კაზეინის მასური წილი არანაკლებ 95%-ს, წყლის შემცველობა არაუმეტეს 8%-ს, რძის ცხიმის მასური წილი არაუმეტეს 2%-ს, ლაქტოზის შემცველობა არაუმეტეს 1%-ს, მჟავიანობა (pH) არაუმეტეს 8,0-ია; ჰ 11 ) რძემჟავა პროდუქტების წარმოებისათვის, ნედლეულად ნებადართულია გამოყენებულ იქნეს რძე ან/და რძისგან მიღებული პროდუქტები, სასმელი წყალი რეკომბინაციისა და აღდგენისათვის; ჰ 12 ) რძემჟავა პროდუქტების ვარგისიანობის ვადა, თუ ისინი ფერმენტაციის შემდეგ არ გადიან თბურ დამუშავებას, არ უნდა აღემატებოდეს წარმოებაში გამოყენებული მიკროორგანიზმების სიცოცხლის ხანგრძლივობას. ჰ 13 ) წარმოებისათვის ნებადართულია შემდეგი ინგრედიენტების გამოყენება: ჰ 13 ა) უვნებელი მიკროორგანიზმებისაგან მომზადებული დედო, მათ შორის: ჰ 13 ა.ა) იოგურტისთვის - თერმოფილური რძემჟავა სტრეპტოკოკებისა (Streptococcus thermophilus) და რძემჟავა ჩხირების (Lactobacillus delbrueckii subsp. Bulgaricus) ან Streptococcus thermophilus-ისა და Lactobacillus-ის ალტერნატიული კულტურები; ჰ 13 ა.ბ) აციდოფილური რძისათვის - Lactobacillus acidophilus; ჰ 13 ა.გ) კეფირისთვის - კეფირის მარცვლები, რომელშიც Lactobacillus kefiri და Leuconostoc, Lactococcus და Acetobacter გვარების სხვადასხვა სახეობები მკაცრად განსაზღვრული თანაფარდობითაა. კეფირის მარცვალი შეიცავს, როგორც ლაქტოზის დუღილის გამომწვევ საფუვრებს (Kluyveromyces marxianus), ასევე, საფუვრებს, რომლებიც ვერ ადუღებენ ლაქტოზას (Saccharomyces unisporus, Saccharomyces cerevisiae და Saccharomyces exiguus); ჰ 13 ა.დ) კუმისისათვის - ბულგარული და აციდოფილური რძემჟავა ჩხირებისა და საფუარი (Lactobacillus delbrueckii subsp. Bulgaricum, Kluyveromyces marxianus 243); ჰ 13 ა.ე) მაწვნისათვის − საქართველოს ტერიტორიულ სივრცეში გამოყოფილი, ადგილობრივი რძემჟავა ბაქტერიების შტამებისაგან შემდგარი დედო; ჰ 13 ბ) სხვა უვნებელი მიკროორგანიზმები; ჰ 13 გ) ნატრიუმის ქლორიდი; ჰ 13 დ) სხვა ინგრედიენტები - დაბალი კვებითი ღირებულების მქონე დამატკბობლები, ხილი, ბოსტნეული, წვენები, ხილფაფა, მათი კონსერვები და ბურღულეული, თაფლი, შოკოლადი, კაკლოვანები, ყავა, სუნელ-სანელებლები და სხვა ბუნებრივი საგემოვნო პროდუქტები ან/და არომატიზატორები, რომლებიც შესაძლებლია, დამატებულ იქნეს ფერმენტაციამდე ან ფერმენტაციის შემდეგ მხოლოდ იმ არომატიზებული რძემჟავა პროდუქტებისათვის, რომლებიც ექვემდებარებიან თერმულ (თბურ) დამუშავებას; ჰ 13 ე) რძემჟავა სასმელისათვის - სასმელი წყალი, რძე და რძის ნაწარმი; ჰ 13 ვ) არომატიზებულ ფერმენტირებულ რძეში, რძემჟავა სასმელში - ჟელატინი და სახამებელი ფუნქციურად აუცილებელი რაოდენობით, დეკლარირებული სტანდარტის შესაბამისად, თბურად დამუშავებულ რძის ნაწარმში ფერმენტაციის შემდეგ. ჰ 14 ) რძემჟავა პროდუქტების მახასითებლებია: ჰ 14 ა) კეფირში რძის ცილის შემცველობა არანაკლებ 2,7%-ია (კელდალის მეთოდით, კოეფიციენტი 6.38), რძის ცხიმის − 10%-ზე ნაკლებია, ტიტრული მჟავიანობა რძის მჟავაზე გადაანგარიშებით არანაკლებ 0,6%-ია; დედოში მიკროორგანიზმების საერთო რაოდენობა არანაკლებ 10 7 (კწე/გ) შეადგენს; ჰ 14 ბ) ფერმენტირებულ რძეში რძის ცილის შემცველობა არანაკლებ 2,7% -ია (კელდალის მეთოდით, კოეფიციენტი 6.38), რძის ცხიმის - 10%-ზე ნაკლებია, ტიტრული მჟავიანობა რძის მჟავაზე გადაანგარიშებით არანაკლებ 0,3%-ია, დედოში მიკროორგანიზმების საერთო რაოდენობა არანაკლებ 10 7 (კწე/გ) შეადგენს; ჰ 14 გ) იოგურტში, იოგურტი ალტერნატიული კულტურით, აციდოფილურ რძეში რძის ცილის შემცველობა არანაკლებ 2,7%-ია (კელდალის მეთოდით, კოეფიციენტი 6.38), რძის ცხიმის - 15%-ზე ნაკლებია, ტიტრული მჟავიანობა რძის მჟავაზე გადაანგარიშებით არანაკლებ 0,6%-ია, დედოში მიკროორგანიზმების საერთო რაოდენობა არანაკლებ 10 7 (კწე/გ) შეადგენს; ჰ 14 დ) კუმისში რძის ცხიმის შემცველობა 10%-ზე ნაკლებია, ტიტრული მჟავიანობა რძის მჟავაზე გადაანგარიშებით არანაკლებ 0,7%-ია. ეთილის სპირტის შემცველობა არანაკლებ 0,5%-ია, დედოში მიკროორგანიზმების საერთო რაოდენობა არანაკლებ 10 7 (კწე/გ) შეადგენს, ხოლო საფუარის რაოდენობა არანაკლებ 10 4 ( კწე/გ)-ია; ჰ 14 ე) მაწონში რძის ცხიმის შემცველობა 1,0%, 2,5%, 3,2% ან 3,6%-ია, ცილის შემცველობა 2,6%-მდე, ძროხის, თხისა და ცხვრის მაწვნის ტიტრული მჟავიანობა რძემჟავაზე გადაანგარიშებით 0,8-15%-ია, ხოლო კამეჩის − 1,20-1,50 %; ჰ 15 ) დოში რძის ცხიმის შემცველობა არაუმეტეს 1%-ია, ხოლო ცილის შემცველობა უცხიმო მშრალ ექსტრაქტში არანაკლებ 31,4%-ს შეადგენს; ჰ 16 ) მშრალ დოში (დოს ფხვნილი) - რძის ცხიმის შემცველობა არაუმეტეს 11%-ია, ცილის შემცველობა უცხიმო მშრალ ექსტრაქტში არანაკლებ 31,4%, ხოლო მშრალი ნივთიერება 95%-ს შეადგენს; ჰ 17 ) მცენარეული ცხიმის და მოხდილი (გაუცხიმოებული) შესქელებული რძის ნარევის ნედლეულად დაშვებულია მოხდილი (გაუცხიმოებული) რძის, მოხდილი (გაუცხიმოებული) რძის ფხვნილის, რძის სხვა არაცხიმოვანი კომპონენტების, საკვები მცენარეული ცხიმის ან ზეთის გამოყენება, დაშვებულია ინგრედიენტების - სასმელი წყლის, ნატრიუმის ქლორიდის ან კალიუმის ქლორიდის, როგორც სუფრის მარილის შემცვლელის გამოყენება; ჰ 18 ) მცენარეული ცხიმისა და მოხდილი (გაუცხიმოებული) შესქელებული რძის მშრალი ნარევის (ფხვნილის) ნედლეულად დაშვებულია, გამოყენებულ იქნეს მოხდილი (გაუცხიმოებული) რძე, მოხდილი (გაუცხიმოებული) რძის ფხვნილი, რძის სხვა არაცხიმოვანი კომპონენტები, საკვები მცენარეული ცხიმი ან ზეთი; ჰ 19 ) მცენარეული ცხიმისა და მოხდილი (გაუცხიმოებული) შესქელებული შაქრიანი რძის ნარევის ნედლეულად დაშვებულია , გამოყენებულ იქნეს: მოხდილი (გაუცხიმოებული) რძე, მოხდილი (გაუცხიმოებული) რძის ფხვნილი, რძის სხვა არაცხიმოვანი კომპონენტები, საკვები მცენარეული ცხიმი ან ზეთი, ასევე, სასმელი წყალი, ნატრიუმის ქლორიდი ან კალიუმის ქლორიდი, როგორც სუფრის მარილის შემცვლელი, შაქარი. დაშვებულია საქაროზის ან/და საქაროზისა და სხვა ნახშირწყლების ერთდროულად გამოყენება იმის გათვალისწინებით, რომ გამოყენებული შაქრის მინიმალური რაოდენობა არ უნდა ცვლიდეს პროდუქტის ხარისხობრივ მაჩვენებლებს, ხოლო მაქსიმალური რაოდენობა - არ უნდა იწვევდეს შაქრის კრისტალიზაციას; ჰ 20 ) შერეული ცხიმის სპრედში ცხიმის (მცენარეული და ცხოველური ერთად) შემცველობა შეიძლება იყოს არა აუმეტეს 39%, 41%-60%, 62-80%; ჰ 21 ) მაწვნის დასამზადებლად განკუთვნილი რძის მჟავიანობა (ტერნერის გრადუსი) არ უნდა იყოს 19 c T-ზე მეტი, ხოლო სიმკვრივე 1.030-ზე ნაკლები, კამეჩის რძის შემთხვევაში − 25 c T-ზე მეტი, სიმკვრივე 1.035-ზე ნაკლები.
5.ეროვნული (ტრადიციული) რძის ნაწარმის დასამზადებლად გამოყენებულ უნდა იქნეს სსიპ - ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ მიერ რეგისტრირებული (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გეოგრაფიული აღნიშვნებით განსაზღვრული გამოყენებული ნედლეული.
6.მოხმარებლისათვის განკუთვნილი თხევადი რძის ნაწარმის რძის შემცველი პროდუქტის შეფუთვის დალუქვა უნდა განხორციელდეს ჩამოსხმისთანავე იმ საწარმოში, სადაც გაიარა საბოლოო თერმული (თბური) დამუშავება. ამასთან, თხევადი რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის შეფუთვის დალუქვა უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული პროდუქტის დაბინძურება. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ივლისის დადგენილება № 342 - ვებგვერდი, 13.07.2015წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 მაისის დადგენილება №251 - ვებგვერდი, 24.05.2017წ.

