„საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“
მუხლი 9. გარდამავალი დებულებანი
1. ამ კანონის ამოქმედებამდე ლიცენზირებულმა საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებმა, აგრეთვე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელებამდე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებათა ლიცენზირების წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 ივლისის №121 დადგენილების ძალაში შესვლამდე შექმნილმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა და სახელმწიფოს 100%-იანი წილით დაფუძნებულმა კერძო სამართლის იურიდიულმა პირებმა – საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებმა 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყონ საკუთარი საქმიანობის ამ კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობა.
2. ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება და სააღმზრდელო დაწესებულება, რომლებიც ლიცენზირებას ექვემდებარებოდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მაგრამ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე არ ექვემდებარებოდა ლიცენზირებას და საქმიანობას ახორციელებდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან სახელმწიფოს 100%-იანი წილით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით, აგრეთვე სახელმწიფოს 100%-იანი წილით დაფუძნებული დაწესებულების მიერ 100%-იანი წილით დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულებები, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებები, ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და სახელმწიფოს მიერ 2010 წლის 1 სექტემბრამდე ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით დაფუძნებული დაწესებულებები ლიცენზირებულად ითვლება.
3. 2008 წლის 1 სექტემბრამდე ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ლიცენზიის გამცემია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
