მუხლი 39. გარდამავალი დებულებები
1. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 28 მარტის №4528-Iს კანონის შესაბამისად ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები − პროფესიული კოლეჯები და საზოგადოებრივი კოლეჯები ჩაითვალოს ამ კანონის შესაბამისად მოპოვებული ავტორიზაციის მქონე კოლეჯებად ავტორიზაციის დარჩენილი ვადით, ხოლო მათი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები − ავტორიზებული კოლეჯების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებად. 1 1 . კოლეჯს/საგანმანათლებლო დაწესებულებას შეუძლია განახორციელოს მხოლოდ პროფესიული სტანდარტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: ა) ავტორიზაციის დარჩენილი ვადით; ბ) კოლეჯის/საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის უწყვეტობის მიზნით, ხელახალი ავტორიზაციის მოპოვების შემთხვევაში. 1 2 . ამ მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კოლეჯი/საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია მხოლოდ პროფესიული სტანდარტის საფუძველზე შექმნილ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს სწავლა დაასრულებინოს და მიანიჭოს აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაცია არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრისა. კოლეჯი/საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილი არ არის, ჩარიცხოს ახალი პროფესიული სტუდენტები ამ პროგრამაზე. 1 3 . ამ მუხლის 1 1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კოლეჯმა/საგანმანათლებლო დაწესებულებამ საავტორიზაციო განაცხადში უნდა მიუთითოს მხოლოდ პროფესიული სტანდარტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისა და აღნიშნულ პროგრამაზე არსებულ პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია, რომელიც ავტორიზაციის პროცესში შეფასების საგანი არ არის. 1 4 . ავტორიზაციის ვადის გასვლის/ავტორიზაციის გაუქმების/ავტორიზაციაზე უარის თქმის/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში კოლეჯის/საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებულ მხოლოდ პროფესიული სტანდარტის საფუძველზე შექმნილ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებულ პროფესიულ სტუდენტებს შეუძლიათ განახორციელონ პროფესიული სტუდენტის მობილობა და გადავიდნენ სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, მათ შორის, სხვა მხოლოდ პროფესიული სტანდარტის საფუძველზე შექმნილ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე. 1 5 . პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში კოლეჯი/საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ამ პროგრამაზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს სწავლა დაასრულებინოს და მიანიჭოს აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაცია, აგრეთვე ჩარიცხოს ახალი პროფესიული სტუდენტები ამ პროგრამაზე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონის მე-8 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ნორმები. 1 6 . პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც ავტორიზაციის უწყვეტობის მიზნით ავტორიზაციის გავლა 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უწევთ/უწევდათ, უფლება აქვთ, საავტორიზაციო განაცხადი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს წარუდგინონ 2025 წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი განრიგით. 1 7 . ამ მუხლის 1 6 პუნქტით განსაზღვრული საგანმანათლებლო დაწესებულებები ავტორიზებულად ჩაითვალონ იმავე პუნქტით გათვალისწინებულ საავტორიზაციო განაცხადზე წარმოების დასრულებამდე. 1 8 . საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს, რომლებიც ახალი საავტორიზაციო განაცხადით გათვალისწინებული არ ყოფილა, დაასრულებინოს სწავლა და მიანიჭოს აღნიშნული პროგრამებით გათვალისწინებული კვალიფიკაცია. ამ პერიოდში ეს პროგრამები ჩაითვალოს ავტორიზებულად. 1 9 . ამ მუხლის 1 6 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის საავტორიზაციო განაცხადის წარდგენის უფლება გავრცელდეს იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, რომლებსაც საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით საავტორიზაციო განაცხადის საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის წარდგენა 2023 წლის 1 სექტემბრის შემდეგ უწევდათ. ამ პერიოდში განხორციელებული ქმედებები ჩაითვალოს კანონმდებლობის შესაბამისად. 1 10 . ამ მუხლის 1 6 –1 9 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ნაწილში.
