1.მიწის ნაკვეთზე შენობის სიმაღლე იზღუდება განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზით.
2.განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზი დგინდება მიწის ნაკვეთის საზოგადოებრივი საზღვრ(ებ)ის ან/და უკანა ეზოს მხრიდან; თუ მიწის ნაკვეთს არ გააჩნია საზოგადოებრივი საზღვარი, მაშინ განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზი უნდა დადგინდეს მისი სამეზობლო საზღვრ(ებ)იდან. იმ შემთხვევაში თუ მიწის ნაკვეთის ნაწილს არ გააჩნია საზოგადოებრივი საზღვარი, მაშინ მიწის ნაკვეთის ამ ნაწილში შენობის განთავსებისას განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზი უნდა დადგინდეს მისი სამეზობლო საზღვრ(ებ)იდანაც.
3.განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზის ნიშნული გამოითვლება ფორმულით H=L / Y , სადაც: ა) H წარმოადგენს განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზის ნიშნულს; ბ) L წარმოადგენს დაშორებას შენობასა და საზოგადოებრივ სივრცეს ან/და სამეზობლო საზღვარს შორის; გ) Y წარმოადგენს კოეფიციენტს.
4.H-ის რიცხვითი მნიშვნელობა მრგვალდება მეათედის სიზუსტით და მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილ სიმაღლეებს, გარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავზე/ტერასაზე ამ წესების დაცვით მოწყობილი სამყოფისა/სათავსისა, რომელიც განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზის დადგენის მხარეს საანგარიშო ზედაპირიდან შეწეულია მინიმუმ 2 მეტრით: ა) სახურავის სიმაღლეს საანგარიშო კიდიდან კეხამდე: ა.ა) 45-დან 70 გრადუსამდე ქანობის შემთხვევაში – 1/3-ით; ა.ბ) 70 გრადუსი და მეტი ქანობის შემთხვევაში – სრულად. ბ) სამტრედეების/სამერცხლეების და სხვა მსგავსი მოცულობითი ელემენტების სიმაღლეს, თუ მათი ჯამური სიგანე აღემატება ამავე ფასადის საანგარიშო ზედაპირის საშუალო სიგანის 1/2-ს; გ) სახურავზე ასასვლელი კიბის უჯრედის და იქ არსებული ლიფტის შახტის სიმაღლეს, თუ მათი სიმაღლე 2,4 მეტრს, ხოლო საერთო ფართობი 50 მ 2 -ს აღემატება.
4¹.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში H-ის რიცხვითი მნიშვნელობა მრგვალდება მეათედის სიზუსტით და მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილ სიმაღლეებს, გარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავზე/ტერასაზე ამ წესების დაცვით მოწყობილი სამყოფისა/სათავსისა, რომლის ფართობი არ აღმატება ამავე სართულის გარე პერიმეტრში მოქცეული ფართობის 50%-ს და განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზის დადგენის მხარეს საანგარიშო ზედაპირიდან შეწეულია მინიმუმ 5 მეტრით: ა) სახურავის სიმაღლეს საანგარიშო კიდიდან კეხამდე: ა.ა) 45-დან 70 გრადუსამდე ქანობის შემთხვევაში – 1/3-ით; ა.ბ) 70 გრადუსი და მეტი ქანობის შემთხვევაში – სრულად. ბ) სამტრედეების/სამერცხლეების და სხვა მსგავსი მოცულობითი ელემენტების სიმაღლეს, თუ მათი ჯამური სიგანე აღემატება ამავე ფასადის საანგარიშო ზედაპირის საშუალო სიგანის 1/2-ს; გ) სახურავზე ასასვლელი კიბის უჯრედის ან/და იქ არსებული ლიფტის შახტის სიმაღლეს, თუ მათი სიმაღლე 2.3 მეტრს, ხოლო საერთო ფართობი 50 მ 2 -ს აღემატება.
4².მე-4 და 4 1 პუნქტებით გათვალისწინებული საგამონაკლისო პირობა არ ვრცელდება საცხოვრებელ ზონა 3 (სზ-3)-ზე.
5.L -ის რიცხვითი მნიშვნელობა მრგვალდება მეათედის სიზუსტით და განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) მიწის ნაკვეთის საზოგადოებრივი საზღვრის (ქუჩის) მხარეს: შენობის საანგარიშო ზედაპირის გრუნტის ზედაპირთან შეხების ხაზიდან ქუჩის სიგანის ნახევრის წარმოსახვითი ვერტიკალური სიბრტყის მიმართ უმოკლესი მანძილით. თუ საზოგადოებრივ ტერიტორიას/სივრცეს მეორე მხრიდან ესაზღვრება სხვა საზოგადოებრივი ტერიტორია/სივრცე (მაგ. ქუჩას ესაზღვრება სკვერი), ანგარიშისას აიღება ჯამური სიგანე; ბ) მიწის ნაკვეთის უკანა ეზოს მხარეს: შენობის საანგარიშო ზედაპირის გრუნტის ზედაპირთან შეხების ხაზიდან სამეზობლო საზღვრის წარმოსახვითი ვერტიკალური სიბრტყის მიმართ უმოკლესი მანძილით; გ) შესაბამის მხარეს L აითვლება უახლოესი შენობის საანგარიშო ზედაპირიდან, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც შენობის საანგარიშო ზედაპირის ნახევარი ან მეტი წარმოადგენს არაერთგვაროვან სიბრტყეს, მაშინ შენობის საანგარიშო ზედაპირის უახლოესი წერტილიდან; დ) თუ მიწის ნაკვეთს ესაზღვრება არაერთგვაროვანი სიგანის საზოგადოებრივი ტერიტორია/სივრცე (ქუჩა/გზა), მაშინ L იანგარიშება სავალი ნაწილის სიგანის ნახევრის წარმოსახვითი ვერტიკალური სიბრტყიდან. ე) თუ L -ის მნიშვნელობა შენობის საანგარიშო ზედაპირის მიმართ განსხვავებულია, H უნდა გამოითვალოს L -ის უმცირესი მნიშვნელობიდან. ვ) L –ის განსაზღვრისას მხედველობაში არ მიიღება: ვ.ა) კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობა; ვ.ბ) შენობის საანგარიშო ზედაპირიდან 2 მეტრამდე გამოწეული შენობის მცირე არქიტექტურული დეტალები, გადახურვის ნაწილები ან/და აივნები. კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში შენობის საანგარიშო ზედაპირიდან 1,4 მეტრამდე გამოწეული შენობის მცირე არქიტექტურული დეტალები და გადახურვის ნაწილები; ვ.გ) შენობის საანგარიშო ზედაპირზე, 1,4 მეტრამდე მოწყობილი ერკერ(ებ)ი, თუ მისი/მათი სიგანე არ აღემატება იმ სართულის ფასადის სიგანის 1/2-ს, რომელზეც აღნიშნული ერკერ(ებ)ი არის განთავსებული. კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში შენობის საანგარიშო ზედაპირზე, 1,4 მეტრამდე მოწყობილი ერკერ(ებ)ი და აივნები, თუ მისი/მათი სიგანე არ აღემატება იმ სართულის ფასადის სიგანის 1/2-ს, რომელზეც აღნიშნული ერკერ(ებ)ი და აივნები არის განთავსებული; ვ.დ) შენობის ისეთი ნაწილი, რომელიც გამოწეულია შენობის საანგარიშო ზედაპირიდან, წარმოადგენს შენობის სიმაღლის არაუმეტეს 20%-ს და გრუნტთან შეხების ყველაზე დაბალი წერტილიდან არის არაუმეტეს 20 მეტრი სიმაღლის. შენობის ასეთი ნაწილისთვის დამოუკიდებლად უნდა იქნეს დაცული ამ მუხლით დადგენილი სიმაღლის განსაზღვრის წესი. ზ) L -ის მაქსიმალური საანგარიშო მნიშვნელობა სზ-1 და სზ-2 ტოლია 6 მეტრის, ხოლო ყველა სხვა საცხოვრებელ ზონაში – 20 მეტრის; ზ 1 ) ამ პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული L-ის მაქსიმალური საანგარიშო მნიშვნელობები შესაძლებელია განსხვავებულად დადგინდეს განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში, საცხოვრებელი ზონა 6-ით (სზ-6) განვითარებისას.
6.Y მნიშვნელობა განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) 0.35 – დასახლებათა საზოგადოებრივ-საქმიანი ზონებისათვის; ბ) 0.25 – სამრეწველო ზონებისათვის; გ) 0.4 – ყველა სხვა ზონისათვის.
6¹.ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული Y-ის განსხვავებული მნიშვნელობები შესაძლებელია დადგინდეს: ა) კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების მიზნით მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილ/ გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე; ა 1 ) კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების მიზნით მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი/გადაცემული მიწის ნაკვეთთან სხვა მიწის ნაკვეთის გაერთიანების შემთხვევაში, თუ დამატებული მიწის ნაკვეთის ფართობი არ აღემატება მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი/გადაცემული მიწის ნაკვეთის 20 %-ს, არაუმეტეს 525 კვ. მ.-სა; ბ) „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ პუნქტით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ტექსტური ნაწილის“ 72-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემდეგი რიგის ქალაქგეგმარებით არეალში (ვარკეთილის მასივი) არსებულ მიწის ნაკვეთებზე.
7.თუ მიწის ნაკვეთს ერთზე მეტი მხრიდან ესაზღვრება ერთმანეთის გადამკვეთი ქუჩა ან/და სხვა საზოგადოებრივი სივრცე, განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზი დგინდება უფრო განიერი ქუჩის ან საზოგადოებრივი სივრცის მხრიდან. სიმაღლის ეს მაჩვენებელი აგრეთვე ვრცელდება უფრო ვიწრო ქუჩაზე განთავსებული შენობის საანგარიშო ზედაპირის (ფასადის) იმ ნაწილზეც, რომელიც არ აღემატება უფრო განიერ ქუჩაზე გამავალ საანგარიშო ზედაპირის (ფასადის) სიგრძეს, მაგრამ არაუმეტეს 20 მეტრისა. აღნიშნულ სიგრძეში არ იანგარიშება განიერი ქუჩის მხრიდან მოწყობილი ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „ვ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობის ნაწილი. უფრო ვიწრო ქუჩაზე განთავსებული საანგარიშო ზედაპირის (ფასადის) დანარჩენ ნაწილზე განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზი დგინდება მისი მოსაზღვრე ქუჩის ან სხვა საზოგადოებრივი სივრცის მხრიდან.
8.თუ მიწის ნაკვეთს გააჩნია ერთმანეთის მოპირდაპირე (არამოსაზღვრე) საზოგადოებრივი საზღვრები, განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზი დგინდება ასეთი მოპირდაპირე საზოგადოებრივი საზღვრებიდან ცალ-ცალკე მათი მოსაზღვრე ქუჩის ან სხვა საზოგადოებრივი სივრცის მხრიდან.
9.საზოგადოებრივი ან/და მრავალფუნქციური შენობებისთვის, როდესაც მიწის ნაკვეთი მდებარეობს საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის მოქმედების არეალში და მას ერთზე მეტი მხრიდან ესაზღვრება ქუჩა ან სხვა საზოგადოებრივი სივრცე, მაშინ განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზი საზოგადოებრივი საზღვრების მხარიდან დგინდება უფრო განიერი ქუჩიდან ან სხვა საზოგადოებრივი სივრციდან.
10.თუ მიწის ნაკვეთი მდებარეობს საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის მოქმედების არეალში და მასზე განთავსებული შენობის უკანა ეზოს მხარეს მდებარე საანგარიშო ზედაპირსა და სამეზობლო საზღვრის წარმოსახვით ვერტიკალურ სიბრტყეს შორის L აღემატება 10 მეტრს, განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზი დგინდება მხოლოდ მიწის ნაკვეთის საზოგადოებრივი საზღვრ(ებ)ის მხრიდან.
11.თუ მიწის ნაკვეთს არ გააჩნია საზოგადოებრივი საზღვარი და ვერ ხერხდება უკანა ეზოს გასაზღვრა, მაშინ განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზი დგინდება მისი სამეზობლო საზღვრ(ებ)იდან იმავე წესით, რაც დადგენილია უკანა ეზოსთვის.
12.ამ მუხლით დადგენილი სიმაღლის განსაზღვრის წესი არ ვრცელდება კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე, იმ შემთხვევაში თუ ხდება მისი თავდაპირველი სახით აღდგენა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 აპრილის დადგენილება №6-26 - ვებგვერდი, 11.04.2017წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 თებერვლის დადგენილება №54-39 - ვებგვერდი, 04.03.2020 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 19 მარტის დადგენილება №77-20 - ვებგვერდი, 23.03.2021 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 19 ოქტომბრის დადგენილება №89-90 - ვებგვერდი, 20.10.2021 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 29 მარტის დადგენილება №38-26 - ვებგვერდი, 02.04.2024 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 13 სექტემბრის დადგენილება №44-78 - ვებგვერდი, 16.09.2024 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №48-95 - ვებგვერდი, 23.12.2024წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 25 ივლისის დადგენილება №58-63 - ვებგვერდი, 29.07.2025 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №62-81 - ვებგვერდი, 27.10.2025 წ.

