1.საქართველოს პარლამენტის ბიურო ამ კანონის 52 4 მუხლის შესაბამისად შემთანხმებელი კომისიის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმებულ ტექსტს გადასცემს კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს და საქართველოს მთავრობას, რომლებიც ერთი კვირის ვადაში ბიუროს წარუდგენენ დასკვნებს კანონპროექტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმებულ ტექსტთან დაკავშირებით. ამ ვადის გასვლის შემდეგ პარლამენტის ბიურო თავის უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას წარმოდგენილი კანონპროექტის პარლამენტის უახლოესი სხდომის დღის წესრიგის პროექტში გათვალისწინების შესახებ.
2.საქართველოს პარლამენტი ერთი მოსმენით განიხილავს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმებულ ტექსტს და იღებს დადგენილებას „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმებული ტექსტის საფუძვლად მიღების და მათი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსთვის გადაცემის შესახებ“. აღნიშნული დადგენილება მიღებიდან 3 დღის ვადაში ეგზავნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს. დადგენილებასთან ერთად უმაღლეს საბჭოს გადაეცემა შემთანხმებელი კომისიის მიერ შემუშავებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმებული ტექსტი.
3.ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაგზავნილი დადგენილების მიღებიდან 3 კვირის ვადაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო განიხილავს და კენჭს უყრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმებულ ტექსტს და ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საქართველოს ორგანული კანონის პროექტს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას.
4.საქართველოს პარლამენტის ბიურო ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილ ორგანული კანონის პროექტს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ ითვალისწინებს პარლამენტის უახლოესი სხდომის დღის წესრიგის პროექტში კენჭსაყრელ საკითხად. საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1130 - სსმ I, №13, 12.04.2005 წ., მუხ.80

