მუხლი 11
1. საჯარო მოსამსახურე, რომლის მოვალეობაა კოლეგიური ორგანოს შემადგენლობაში იმ გადაწყვეტილების მიღება, რომლის მიმართაც მას ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი აქვს, ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს ამ ორგანოს სხვა წევრებს ან თავის უშუალო ხელმძღვანელს და უარი განაცხადოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობაზე.
2. საჯარო მოსამსახურე, რომლის მოვალეობაა იმ გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღება, რომლის მიმართაც მას ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი აქვს, ვალდებულია განაცხადოს თვითაცილების შესახებ და ამის თაობაზე წერილობით აცნობოს თავის უშუალო ხელმძღვანელს (ზემდგომ ორგანოს), რომელიც ან თვითონ იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, ან ამ მოვალეობას სხვა თანამდებობის პირს აკისრებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერა შეუძლია მხოლოდ თავისი უშუალო ხელმძღვანელის (ზემდგომი ორგანოს) წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რის შესახებაც უნდა მიეთითოს შესაბამის გადაწყვეტილებაში.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება საქართველოს პრეზიდენტზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრზე, საქართველოს პარლამენტის წევრზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებსა და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელებზე. საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3314-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.25 საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1261 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4358 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №157 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.
