ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) აკუსტიკური ხმაური – ყველა სახის განგძობადი ხასიათის არასასიამოვნო, ხელისშემშლელი ბგერები, დრეკადი რხევები და ტალღები საჰაერო გარემოში, რომლებიც მიმდინარეობენ ფიზიკური და იურიდიული პირის ქმედების შედეგად და ქმნიან დისკომფორტს, შესაძლებელია ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს პირის ჯანმრთელობაზე ან მის სოციალურ მდგომარეობაზე; ბ) ბგერა – ადამიანის სმენის ანალიზატორის მიერ აღქმული მექანიკური (აკუსტიკური) რხევები 16 ჰც – 20 კჰც დიაპაზონში; გ) ხმაური – არახელსაყრელი ბგერა, რომელიც ქმნის დისკომფორტს, ახდენს გავლენას სმენის ორგანოზე და ხელს უშლის სასურველი ბგერის აღქმას; დ) ხმაურის დასაშვები დონე – ბგერის ისეთი სიდიდე, რომელიც არ იწვევს ადამიანზე პირდაპირ ან ირიბ უარყოფით მოქმედებას, არ აქვეითებს მის შრომისუნარიანობას, არ მოქმედებს უარყოფითად მის თვითგრძნობასა და განწყობაზე, არ იწვევს მის მიმართ მგრძნობიარე სისტემის ფუნქციური სისტემის არსებით ცვლილებას; ე) ტონალური ხმაური – ბგერა, რომლის სპექტრში გამოკვეთილი ტონებია. სპექტრის ერთ ზოლში ბგერის დონე მეზობელ ზოლთან შედარებით არანაკლებ 10 დბ-ით მეტია; ვ) იმპულსური ხმაური – ბგერა ერთი ან რამდენიმე ბგერითი სიგნალით, თითოეული 1 წმ-ზე ნაკლები ხანგრძლივობით. ამასთან, ბგერის დონეები განსხვავდება ერთმანეთისაგან არანაკლებ 7 დბ-ით; ზ) მუდმივი ხმაური – ბგერა, გაზომილი ხმაურმზომის დროითი მახასიათებლით „ნელა“, იცვლება დროში არაუმეტეს 5 დბA-ით; თ) არამუდმივი (ცვლადი) ხმაური – ბგერა, გაზომილი ხმაურმზომის დროითი მახასიათებლით „ნელა“, იცვლება დროში არაუმეტეს 5 დბA-ზე მეტი სიდიდით; ი) ფონური ხმაური – ყველა სიგნალის ჯამური დონე, საკვლევი წყაროს მიერ გენერირებულის გარდა; კ) L დღე – დღის ხმაურის მაჩვენებელი (დღე – 08:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, საღამო – 19:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე ); ლ) L ღამე – ღამის ხმაურის მაჩვენებელი (23:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე); მ) ბგერის დონე LAდბA – მუდმივი ხმაურის მახასიათებელი; ნ) ბგერის ეკვივალენტური დონე LA ეკვ დბA – არამუდმივი (ცვლადი) ხმაურის მახასიათებელი; ო) ხმაურის დონის კონტროლი – ხმაურის დონის განსაზღვრა, რომელიც ტარდება საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და განაშენიანების ტერიტორიებზე შესაბამისი უფლებამოსილი პირის ან კომპეტენტური ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77 1 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში; პ) ხმაურის ჰიგიენური შეფასება (სანიტარიულ-ჰიგიენური ექსპერტიზა) – შესაბამისი კომპეტენციის მქონე სუბიექტის მიერ აკუსტიკური ხმაურის დონის შეფასება „ISO 1996-1:
2003.“ აკუსტიკა. გარემოს ხმაურის დახასიათება, გაზომვა და შეფასება“, ნაწილი 1. „შეფასების ძირითადი სიდიდეები და პროცედურები“; ISO 1996-2: 2007 „აკუსტიკა. გარემოს ხმაურის დახასიათება და გაზომვა“, ნაწილი 2-ის მიხედვით სათანადო დასკვნისა და ექსპერტული რეკომენდაციების მიწოდების მიზნით, აგრეთვე აკუსტიკური ხმაურის დონის შეფასებასთან დაკავშირებით ISO-ის სხვა სტანდარტებით. ხმაურის ჰიგიენური შეფასება შესაძლებელია ჩატარდეს ნებაყოფლობით დაინტერესებული მხარის მოთხოვნით, შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალის მიერ და არ გულისხმობს ხმაურის დონის კონტროლს; ჟ) განაშენიანების ტერიტორია – დასახლების ტერიტორიის ნაწილი, რომელიც შესაძლებელია მოიცავდეს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ ნებისმიერ ზონას, გარდა გარემოს დამცავი, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო, სასოფლო-სამეურნეო, სატრანსპორტო ზონა 2-ისა და სამხედრო დანიშნულების ზონა 2-ისა.

