1.უმაღლესი საბჭოს წევრი არის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ძირითადი სუბიექტი, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს: ა) უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, კომიტეტში (კომიტეტის სამუშაო ჯგუფში), ფრაქციაში ან დროებით კომისიაში, რეგლამენტით განსაზღვრულ საბჭოში, რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა ჯგუფებში; ბ) ამომრჩევლებთან შეხვედრებით, მათი მიღებით, მათ მიერ დასმულ საკითხებზე რეაგირებით; გ) სახელმწიფო, ავტონომიურ, მუნიციპალურ და სხვა ორგანოებთან და დაწესებულებებთან კანონმდებლობით გათვალისწინებული ურთიერთობით.
2.უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს: ა) რეგლამენტით დადგენილი წესით აირჩიოს ან არჩეულ ან წარდგენილ იქნეს უმაღლესი საბჭოს თანამდებობებზე, უმაღლესი საბჭოს კომიტეტის, დროებითი კომისიის შემადგენლობაში, გაერთიანდეს ფრაქციაში, გადადგეს თანამდებობიდან ან გავიდეს ამ ორგანოებიდან/ გაერთიანებებიდან; ბ) ისარგებლოს ყველა იმ ინფორმაციით, რომელიც აუცილებელია მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; გ) კონტროლის განხორციელებისას: გ.ა) კითხვით მიმართოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, მთავრობის წევრს, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, მიიღოს და შეაფასოს პასუხი; გ.ბ) შეუფერხებლად შევიდეს ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა; შეხვდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით განსაზღვრულ და სხვა თანამდებობის პირებს; გ.გ) უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა მის მიერ დასმული საკითხების განხილვაში; დ) უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, რეგლამენტით დადგენილი წესით: დ.ა) დასვას საკითხი განსახილველად; მის მიერ დასმულ საკითხზე ან შეკითხვაზე მომხსენებლის ან სხდომის თავმჯდომარის მიერ პასუხის გაუცემლობის შემთხვევაში გამოხატოს საკუთარი აზრი და დააზუსტოს შეკითხვა; დ.ბ) წარადგინოს შენიშვნები და წინადადებები უმაღლესი საბჭოს კომპეტენციას მიკუთვნებულ ყველა საკითხზე; დ.გ) მონაწილეობა მიიღოს კამათში, შეკითხვა დაუსვას მომხსენებელს, თანამომხსენებელსა და სხდომის თავმჯდომარეს, მიიღოს და შეაფასოს პასუხები; დ.დ) გააცნოს უმაღლეს საბჭოს მოქალაქეთა საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე წერილები და მიმართვები; დ.ე) კამათში მონაწილეობის მიუღებლობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს გადასცეს თავისი გამოსვლის ტექსტი, აგრეთვე წერილობით ჩამოყალიბებული შენიშვნები და წინადადებები უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განსახილველი საკითხების თაობაზე. გამოსვლის ტექსტი, წერილობით ჩამოყალიბებული შენიშვნები და წინადადებები უნდა დაერთოს სხდომის ოქმს; დ.ვ) გამოთქვას აზრი უმაღლესი საბჭოს მიერ შესაქმნელი ორგანოების, მათი პერსონალური შემადგენლობისა და იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურების შესახებ, რომლებსაც ირჩევს, ამტკიცებს და რომელთა დანიშვნაზეც თანხმობას იძლევა უმაღლესი საბჭო; ე) განახორციელოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, რეგლამენტითა და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი; ვ) გაეცნოს უმაღლესი საბჭოს სხდომის (სესიის), ბიუროს, დროებითი კომისიის აუდიოჩანაწერს, ასევე კომიტეტის სხდომის აუდიოჩანაწერს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
3.უმაღლესი საბჭოს წევრი ვალდებულია: ა) დაიცვას საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობა; ბ) დაესწროს უმაღლესი საბჭოს პლენარულ, კომიტეტის, ფრაქციის, დროებითი კომისიის სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს მათ მუშაობაში; გ) რეგლამენტით დადგენილი წესით უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე მონაწილეობა მიიღოს საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში; დ) რეგლამენტით დადგენილი წესით შეხვდეს მოქალაქეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით რეაგირება მოახდინოს მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე; დ 1 ) (ამოღებულია - 19.12.2024, №14-Iს); ე) ხელი შეუწყოს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის, მათ შორის, რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვას, ხოლო მათი დარღვევის შემთხვევაში სათანადო რეაგირება მოსთხოვოს უმაღლეს საბჭოს, მის თავმჯდომარეს ან შესაბამის კომიტეტს; ვ) პირადი ინტერესებისათვის არ გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება ან/და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა; ზ) პირადი ინტერესებისათვის არ გამოიყენოს და არ გაამჟღავნოს სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლებში მიღებული ან შექმნილი ინფორმაცია; თ) დაიცვას სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ქცევის სტანდარტები და უმაღლესი საბჭოს წევრისთვის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი ეთიკის ნორმები.
4.უმაღლესი საბჭოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა დაწესებულების თანამდებობის პირი ვალდებულია შეუფერხებლად მიიღოს უმაღლესი საბჭოს წევრი მისი მოთხოვნით.
5.უმაღლესი საბჭოს წევრი ვალდებულია „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით შეავსოს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ანტიკორუფციულ ბიუროს წარუდგინოს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი საჭიროების შემთხვევაში აანალიზებს სათანადო ორგანოების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას უმაღლესი საბჭოს წევრის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შესახებ, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში საკითხს განსახილველად სვამს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე.
6.უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული ფრაქციაში, ითვლება უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრად. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 20 მაისის რეგლამენტი №28-IIს - ვებგვერდი, 25.05.2021წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 16 დეკემბრის რეგლამენტი №49-Iს - ვებგვერდი, 20.12.2021წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2023 წლის 18 მაისის რეგლამენტი №70-IIს - ვებგვერდი, 22.05.2023წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 19 დეკემბრის რეგლამენტი №14-Iს - ვებგვერდი, 19.12.2024წ.
